რა მოხდება, თუ ბროწეულს ხშირად მიირთმევთ: სარგებელი, ზიანი და აკრძალვები

CC BY 2.0 / coniferconifer / pomegranateბროწეული
ბროწეული - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი − Sputnik. ტკბილი გემოს მიუხედავად ბროწეული დაბალკალორიულ ხილად მიიჩნევა (სულ 83 კკალ 100 გრამზე) და ამიტომ მისი დიეტურ კვებაში ჩართვა სრულიად დასაშვებია, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ბროწეულში ყველაფერი სასარგებლოა: მისი ყველა ნაწილი ორგანიზმისთვის აუცილებელ და სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს.
დაახლოებით 175 გრამ ბროწეულის მარცვლებში, ანუ ერთ ულუფაში შედის:
საკვები ბოჭკოები — 7 გრამი (ეს სადღეღამისო ნორმის 3%-ია);
ცილები — 3 გ (სადღეღამისო ნორმის 2,2%);
ვიტამინი С — 10,2 მგ (სადღეღამისო ნორმის 30%);
ვიტამინი К — 1,4 მგ (სადღეღამისო ნორმის 36%);
ფოლიუმის მჟავა — 18 მკგ (სადღეღამისო ნორმის 16%);
კალიუმი — 236 მგ (სადღეღამისო ნორმის 12%).

ბროწეულის რვა სარგებელი

საინტერესოა, რომ თეთრი აპკი, რომელიც ბროწეულის მარცვლებს ერთმანეთისგან ყოფს, სამკურნალოდ გამოიყენება. გამხმარ-გამომშრალი აპკისგან ჩაის აყენებენ და უძილობისა და ნერვული სისტემის აშლილობისას სვამენ.

ძალიან სასარგებლოა ბროწეულის წიპწებიც, რომლისგანაც სხვადასხვა სახის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ასევე ბროწეულის ზეთი მზადდება. ეს უკანასკნელი მდიდარია F და E ვიტამინებით, რომლებიც გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ჰიპერტონიის შემთხვევაში კი ბროწეული ეფექტურად ამცირებს წნევას.
გარდა ამისა, ბროწეული:
არის ძლიერი ანტიოქსიდანტი — ბროწეული შეიცავს ორ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ორგანიზმს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისგან იცავს და ნაადრევ დაბერებას აღკვეთს. ესენია პუნიკალაგინი — შედის ბროწეულის წვენსა და ქერქში. აქვს შავ ღვინოსა და მწვანე ჩაიზე მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება; და პუნიკური მჟავა. ეს ორივე კომპონენტი უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.
აქრობს ანთებებს — სწორედ პუნიკალაგინების დიდი ოდენობის წყალობით. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს კომპონენტი აჩერებს ანთებით პროცესებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
აქვეითებს მაღალ წნევას — სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ ჰიპერტონიკები ბევრად უკეთ გრძნობდნენ თავს, თუ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 150 მლ ბროწეულის წვენს იღებდნენ. მათი არტერიული წნევა ნორმამდე დავიდა.
ებრძვის ართრიტს — კვლევამ აჩვენა, რომ ბროწეულის ექსტრაქტი დაავადებას ამსუბუქებს და აღკვეთს სახსრების დაზიანებას ოსტეოართროზის დროს.
ამცირებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს — პუნიკური მჟავის წყალობით. ცდებით გაირკვა, რომ ტრიგლიცერიდების მაღალი დონის მქონეებს (სისხლში ჭარბი ცხიმის შემცველობა), რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ ბროწეულის წიპწის 800 მილიგრამ ზეთს, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაუქვეითდათ. გარდა ამისა, კიდევ ერთი კვლევისას დადგინდა, რომ ბროწეულის წვენის მიღების შემდეგ მეორე ტიპის დიაბეტის მქონეების სისხლში „ცუდი ქოლესტერინის“ დონე ეცემა.
ებრძვის ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს — როგორებიცაა გინგივიტი, პაროდონტიტი და სტომატიტი.
აუმჯობესებს მეხსიერებას — დღეში ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი აუმჯობესებს ვერბალურ და მხედველობით მეხსიერებას, ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. ესეც კვლევებით დადასტურდა.
ზრდის ორგანიზმის ამტანობას — ერთ-ერთი ექსპერიმენტისას სპორტსმენებს ვარჯიშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ბროწეულის ექსტრაქტის თითო გრამს აძლევდნენ. შედეგად მათი სისხლის მიმოქცევა მკვეთრად გაუმჯობესდა, გაიზარდა ამტანუნარიანობა და ასევე ვარჯიშის ეფექტურობა.
ექიმების თქმით, მიუხედავად ამდენი სიკეთე-სარგებლისა, ბროწეულს აქვს გარკვეული თვისებები, რომელთა გამოც ზოგი დაავადებისას მას უნდა მოვერიდოთ.

ბროწეულის წვენი რეკომენდებული არ არის:

კუჭის ქრონიკული დაავადებების (გასტრიტი, კუჭის მაღალმჟავიანობა, წყლული) მქონეებისთვის, თუმცა მცირე რაოდენობით მარცვლების მიღება აბსოლუტურად უვნებელია;
ერთ წლამდე ბავშვებისთვის. ამის შემდეგ კი 4-7 წლამდე ბავშვებს წვენი წყალში უნდა გაუზავოთ;
ახლად გამოწურული წვენი მასში შემავალი სხვადასხვა მჟავების გამო დამღუპველად მოქმედებს კბილების მინანქარზე. ამიტომ გაზავებული წვენის მიღების შემდეგაც კი აუცილებლად უნდა გამოივლოთ პირში წყალი;
ჰემოროისა (ბუასილი) და ქრონიკული შეკრულობის მქონეებისთვის;
გასტრიტით, ენტერიტითა და წყლულით დაავადებულთათვის ასევე იკრძალება ბროწეულის წიპწების მიღება.
შენიშვნა: უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბროწეულის კანი, გარდა სასარგებლო ნივთიერებებისა, ასევე შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ამიტომ ბროწეულის კანის ბაზაზე დამზადებული პრეპარატების, ან მისი ნაყენისა თუ ნახარშის მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან!
ყველა ახალი ამბავი
0