„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა თანამდებობა დატოვა - რითია უკმაყოფილო ბასიშვილი

© photo: Sputnik / Stringer„ნაცმოძრაობის" აქცია ზუგდიდში
„ნაცმოძრაობის აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ტოვებს, მაგრამ აგრძელებს ბრძოლას და რჩება „დიდი ოჯახის წევრად“.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს.
ბოლო დროს აქტიურად განიხილება პრობლემები „ნაციონალურ მოძრაობაში". ვითარება პარტიაში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ჯობს, ოპოზიციისგან შორს დადგეს. მან აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ ასევე „მოოლიგარქო ტიპაჟები“.

„ძმათა შორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი!.. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა. საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა, თუ სამშობლო გიყვარს“, – დაწერა ბასიშვილმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

მისი თქმით, ის ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს, თუმცა განაგრძობს ბრძოლას და რჩება „დიდი ოჯახის წევრად“.
„მჯერა, რომ ვინც დღეს სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა! პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს“, – დაწერა ბასიშვილმა.
ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მელია vs კეზერაშვილი – ვინ ვერ ეწერება ენმ–ის თამაშის ახალ წესებში>>
კობახიძის ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0