სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექს-ჩინოვნიკ სოსო გოგაშვილს ქონება დაუყადაღეს

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
გოგაშვილი ციხიდან პერიოდულად ავრცელებს ხელისუფლების საწინააღმდეგო სკანდალურ განცხადებებს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ, იუწყება „პირველი არხი“.
გოგაშვილის ოჯახის წევრების კუთვნილი სამი ავტომობილის ამოსაღებად სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები მათ სახლში ამ დილით მივიდნენ.

„11 სექტემბრის სასამართლო განჩინების საფუძველზე დაყადაღდა იოსებ გოგაშვილის უძრავი ქონება და ავტომობილები. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა... მეორე განაჩენი 20 სექტემბერს გამოიტანეს, რომლის საფუძველზე კვლავ დაყადაღდა გოგაშვილების ავტომობილები, სახლები და სხვა უძრავი ქონება“, – განაცხადა გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატის თქმით, სასამართლო განჩინებაში დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მითითებული არ ყოფილა, ამიტომ საპროცესო მოქმედებები უკანონოდ ხორციელდება.
სუსის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი მოქმედება სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს.
გოგაშვილი 16 ივლისიდან საპატიმროში იმყოფება. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება, შენახვა, გავრცელება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი საქმე აღიძრას>>>
დაკავებამდე ერთი დღით ადრე გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
მისი ბოლო განცხადებები იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დადანაშაულება რუსეთის „ეფესბესთან“ კავშირში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0