მიმოხილვა: „ეს ბლეფი არ არის“ - პუტინმა მსოფლიოს მიმართა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ვიქტორია ნიკიფოროვა
ამ დღეებში მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებმა ტელევიზორში იხილეს ვლადიმირ პუტინი, რომელმაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამას დაერთო ახალი ამბები უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმების შესახებ და გენერალური ასამბლეის მთელი დღის წესრიგიც ჩაიშალა.
ჯო ბაიდენისთვის მომზადებული სიტყვა, რომელიც მას ტრიბუნიდან უნდა წარმოეთქვა, ხელახლა დაიწერა. ჩაამატეს რუსეთის „აგრესიის“ დაგმობა.
ჯერ კიდევ გენერალურ ასამბლეაზე ბაიდენის გამოსვლამდე The Washington Post-მა ურჩია მას, პუტინი „მკაცრად გაეკრიტიკებინა“ უკრაინის გამო. ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა იმ მომენტზე, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაციით „დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები“. ამერიკელებისთვის ეს უნდა იქცეს საბაბად, გააფართოონ უშიშროების საბჭო, მიიწვიონ რომელიმე ახალი წევრი და გაზარდონ საბჭოს მუდმივი და არამუდმივი წევრების რაოდენობა.
კანდიდატები კი საკმაოდ უცნაურები არიან, მაგალითად, გერმანია. ოლაფ შოლცი ამ იდეის წინააღმდეგი არ არის. ჯერ კიდევ ცოცხლობენ ადამიანები, რომელთაც ახსოვთ გერმანელი ფაშისტების საზარელი დანაშაულები. ხოლო ამ მონსტრების მემკვიდრეებს, რომლებიც დღეს დონბასში ადამიანების სისხლს ღვრიან, უკვე სურთ მსოფლიოს მართვა, მიძვრებიან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა რიცხვში. მეორე კანდიდატურა იაპონიაა – ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გადააჭარბა გერმანელების რეკორდს სამხედრო დანაშაულებში.
მაგრამ გაუგებარია, როგორ უნდა მოხვდნენ ეს პროტეჟეები უშიშროების საბჭოში, თუ რუსეთი და ჩინეთი თავიანთ ვეტოს უფლებას გამოიყენებენ.
კიდევ ბაიდენმა გაიმეორა ძველი მანტრა იმის შესახებ, რომ „რუსეთს არავინ ემუქრებოდა და, რუსეთის გარდა, არავინ ისწრაფვოდა კონფლიქტისკენ“. პუტინი კი უცებ „გაუგონარი ბირთვული მუქარებით გამოვიდა“.
გამოდის, რომ ამერიკელებმა უკრაინულ ტერიტორიებში მილიარდები ჩაყარეს, ტონობით იარაღი გაგზავნეს, გაწვრთნეს სამხედროები, ხოცავდნენ რუსებს, გლეჯდნენ რუსულ დროშებს იზიუმის შენობებიდან. და ეს ყველაფერი რუსეთისთვის საფრთხეს არ შეიცავდა.
მოულოდნელად მშვიდობიანი აღმოჩნდა მოხსენების ჩინეთისადმი მიძღვნილი ნაწილი. ადგილობრივი ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს წუთი-წუთზე ომს გამოუცხადებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის საკითხი ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ შორეული აღმოსავლეთის ფლანგზე დამუხრუჭება მოუხდათ. ბაიდენმა ორიოდ სიტყვა თქვა ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თუმცა დაბეჯითებით განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს კონფლიქტი ჩინეთთან.
პუტინის გამოსვლაზე მსგავსი რეაქცია ჰქონდათ ბრიტანეთშიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა: „ჩვენ ხომ არასდროს დავმუქრებივართ რუსეთს, არასდროს შეგვილახავს მისი ტერიტორიული მთლიანობა“. ბენ უოლესმა კი გადაწყვიტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულება იმის ნიშანია, რომ „უკრაინაში შეჭრა ჩაიშალა“.
კიდევ უფრო მეტად შეშფოთდნენ ბებერი კონტინენტის წარმომადგენლები. ევროპელები რამდენიმე საათი ათანხმებდნენ გენერალური ასამბლეის კულუარებში თავიანთ პოზიციებს.
მაკრონმა თქვა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილება „შეცდომა“ იყო. ოლაფ შოლცმა მას „სასოწარკვეთილების აქტი“ უწოდა. ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უნდა გასამართლდეს ყველა რუსი, რომელსაც სპეცოპერაციასთან აქვს კავშირი.
თავდაპირველად გაეროს გენერალური ასამბლეის მიზანი იყო რუსეთის სამაგალითოდ დასჯა. ვაშინგტონი გეგმავდა მსოფლიოს იმ ქვეყნების გადაბირებას, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. ერთი მხრივ, მათ სანქციებით ემუქრებოდნენ, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწეოდნენ: ვინც მხარს არ დაუჭერდა, გარიყავდნენ.
მაგრამ მოულოდნელმა ახალმა ამბებმა მოსკოვიდან ბევრი რამ შეცვალა. მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს „სამყაროს მხარეს გადასვლაზე“.
ნიუ-იორკში ჩასულმა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი თავისი გეგმის ერთგული რჩება და უკრაინაში დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს. მექსიკის ხელმძღვანელობამ ანტირუსულ სანქციებსაც არ დაუჭირა მხარი.
მსგავსი სიტყვით გამოვიდა გენერალურ ასამბლეაზე ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ. მან დასავლეთის ქვეყნებს მოსთხოვა, ხელი არ შეუშალონ კონფლიქტის მოგვარებას და დიალოგს და სანქციებიც გააკრიტიკა.
ამ პაციფისტურ განწყობას ოფიციალური ჩინეთიც იზიარებს. საინტერესოა, რომ პუტინის გამოსვლის შემდეგ მალევე სი ძინპინმა მიმართა ჩინელ სამხედროებს - ეროვნული თავდაცვის სემინარის მონაწილეებს, და ჯარს საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
ჩინელი პოლიტოლოგები პუტინის გადაწყვეტილებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გაგებით ეკიდებიან, მაგრამ აღიარებენ, რომ ეს აზრს უკარგავს მოლაპარაკების იდეას და გარდაუვლად იწვევს დაპირისპირების გაჭიანურებას. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად ხასიათს იძენს იგი.
ჰორიზონტზე გლობალური ბირთვული კონფლიქტი მოჩანს. საქმე უკრაინას კი არ ეხება, არამედ იმას, რომ დასავლეთი მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოს პროვოცირებას ეწევა. და მთელი მსოფლიო მეორე დღეა იხილავს პუტინის ფრაზას – „ეს ბლეფი არ არის“.
„არ მჯერა, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს“, – ირწმუნება ვოლოდიმირ ზელენსკი. „ბირთვულ ომში არ იქნებიან გამარჯვებულები“, – ამბობს ჯო ბაიდენი. „რუსეთი დამარცხდება ნატოსთან ბირთვულ კონფლიქტში“, – დარწმუნებულია ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. „თუ რუსეთი თავს გამოყოფს, ნატო მას მოსწყვეტს“, – დასძენს ნატოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ევროპაში, გენერალი რიჩარდ შირეფი.
რუსეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის ერთი საინტერესო კანონზომიერება. ყოველ ასწლეულში ის ამარცხებს დასავლეთის რომელიმე დედაქალაქს. XVIII საუკუნეში აიღო ბერლინი. XIX საუკუნეში – პარიზი. XX საუკუნეში – კვლავ ბერლინი. ნიშანდობლივია, რომ თითოეული ასეთი გამარჯვება ამყარებდა მშვიდობას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ევროპაც მშვენივრად განაგრძობდა ცხოვრებას. ახლა მშვიდობის ხელახლა მოპოვების დროა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0