კალაძე: მეტროპოლიტენს მგზავრების გადაყვანის პრობლემა არ აქვს

© photo: Sputnikმეტროს სადგური
მეტროს სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
დედაქალაქის მერია გეგმავს 40 ვაგონის შესყიდვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირებას.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენს მგზავრების გადაყვანის კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა გარკვეულ სადგურებზე შეფერხებები ჩნდება წარუმატებელი დაპროექტების გამო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კალაძის თქმით, მეტროს ორ სადგურში – „ვარკეთილსა“ და „ახმეტელში“ დილის საათებში პრობლემები სადგურების არახელსაყრელი მდებარეობის გამო ჩნდება.

„ეს არის კომუნისტების დროს განხორციელებული პროექტი. რა თქმა უნდა, თბილისი ბოლო წლებში გაიზარდა, არაოფიციალურად დედაქალაქში 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დილის პიკის საათებში „ახმეტელის“ მეტროს შესასვლელში დიდი რიგია“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, საბჭოთა პერიოდში სადგურ „ახმეტელში“ სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი იყო დაპროექტებული, ვინაიდან სპეციალისტებს ჰქონდათ გათვლა, რომ რაიონი გაიზრდებოდა. დღეისათვის ეს სათადარიგო ვარიანტი დალუქულია. თბილისის მერია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რათა პროექტის აღნიშნული ნაწილი ამოქმედდეს.
„გარკვეული მიწები, სადაც ეს ჩასასვლელ-ამოსასვლელებია, დღეის მდგომარეობით გაყიდულია. მოგვიწევს ამის გამოსყიდვა და პროექტის განხორციელება. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ დავიწყებთ მის განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ცნობით, იგივე პრობლემაა „სადგურის მოედანზეც“. სამომავლოდ დედაქალაქის მერია გეგმავს 40 ვაგონის შესყიდვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირებას.
ყველა ახალი ამბავი
0