ამბავი დაუსჯელი ჩოლოყაშვილების ცერა თითისა და კახელი უფლისწულისა

© Pixabay / josealbafotosძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ჩოლოყაშვილების სახელოვანი გვარიდან ბევრი ღირსეული ადამიანი გამოსულა, მაგრამ ყოფილან ისეთებიც, რომელთაც ქვეყნისა და მეფისთვის არაერთხელ უღალატიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კახეთის მეფეებს მაინც არ დაუსჯიათ სიკვდილით — იმდენად დიდი დამსახურება მიუძღოდა ჩოლოყაშვილების საგვარეულოს კახელი ბაგრატიონების წინაშე.
დამნაშავე ჩოლოყაშვილისთვის უმაღლესი სასჯელი მხოლოდ და მხოლოდ ცერა თითის მოკვეთა იყო დადგენილი. ეს იყო და ეს.
ამ განაჩენის ტრადიციას მეთექვსმეტე საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, მას შემდეგ, რაც კახელმა თავადმა, მეფის სახლთუხუცესმა გარსევან ჩოლოყაშვილმა არა მარტო სიკვდილისგან იხსნა უფლისწული ლევანი, არამედ უდიდესი წილიც დაიდო 1513 წელს გაუქმებული კახეთის სამეფოს აღდგენაში.
XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე კახეთს მეტად გონიერი ალექსანდრე პირველი განაგებდა. მაშინ საქართველო ოთხ სამეფოდ — იმერეთად, სამცხედ, ქართლად და კახეთად იყო დაქუცმაცებული, რომელთა შორის ხშირი იყო სისხლისმღვრელი ბრძოლები.
თუმცა ალექსანდრე პირველის კახეთი ამ მხრივ გამონაკლისი იყო. „უშფოთველ პოლიტიკას“ ადგა მეფე, პირველი არასდროს დასხმია თავს მეზობელ ქართლს, სამცხესა თუ, მით უმეტეს, იმერეთს. კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ შიდა ომები ქვეყანას ასუსტებდა და გარეშე მტერს საქართველოს დაპყრობას უადვილებდა.
განსხვავებული აზრისა იყო მეფის უფროსი ძე, უფლისწული გიორგი, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს უტოლებდა, საქართველოს გამაერთიანებლის სახელზე ოცნებობდა და სამეფოთა ერთი დროშის ქვეშ გაერთიანება არაერთხელ სცადა მახვილით. უგუნურმა უფლისწულმა რამდენჯერმე დალაშქრა ქართლი და სისხლი ადინა მას. მეფეც არაერთხელ განარისხა ძის უგუნურმა საქციელმა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა.
1511 წელს ისევ დაიძრა უფლისწული გიორგი ქართლის ასაოხრებლად. საფურცლის ჭალაში წამოეწივნენ გიორგის მეფე ალექსანდრე და უფლისწული დიმიტრი, ამაოდ არწმუნებდნენ გიორგის, ხელი აეღო ქართლის დარბევაზე:

„ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთვის კახეთიცო“.

კახეთის მეფესა და უფლისწულ გიორგის შორის სიტყვიერი კამათი სისხლისღვრაში გადაიზარდა. უფლისწულმა მამა მოკლა, ხოლო ძმას თვალები დასთხარა. და საქართველოს გამაერთიანებლის ნაცვლად, ხალხმა „ავგიორგი“ შეარქვა.
კახეთის ტახტზე ასულმა ავგიორგიმ კვლავაც განაგრძო „საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა“, ანუ მეზობელი ქართლის დაწიოკება. მაგრამ 1513 წელს, ერთ-ერთი ლაშქრობისას ქართლელებმა ტყვედ ჩაიგდეს და მტვერის ციხეში გამოკეტილი სიკვდილით დასაჯეს.
კახეთი უმეფოდ დარჩა. ქართლის მეფე დავით მეათემ კახეთში ჯარი შეიყვანა და „ვერვინ წინააღუდგა“ მას — კახეთის სამეფო გააუქმა.
ქართლ-კახეთის გაერთიანება ქვეყნისთვის ნამდვილად პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ ქართლელ ბაგრატიონთა კახეთის სამეფო ტახტზე ჯდომას საფრთხეს უქმნიდა ავგიორგის ძის, უფლისწულ ლევანის არსებობა, რომელიც საგულდაგულოდ გადაემალათ კახელ თავადებს.
დავით მეფემ ლევან ბატონიშვილის მოსაძებნად თავისი ძმა ბაგრატ მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი და ამილახორი წარგზავნა. ებრძანათ მათ, „დასჩხრიკონ კახეთს მსახლობელნი დიდით ვიდრე მცირედით, რათა იპოვონ ყრმა იგი“.
კარდაკარ მოიარეს მთელი კახეთი მათაც, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ, კახელები არ აპირებდნენ უფლისწულის ადგილსამყოფელის გათქმას.
ბოლოს ქართლელი „სტუმრები“ გარსევან ჩოლოყაშვილის სახლს მიადგნენ. კახელმა თავადმა დიდებული სუფრა გაუშალა მათ. სუფრის მომსახურეთა შორის ერთი მდაბიო ბიჭიც ერია, რომელიც ღვინოს დაატარებდა დოქით და სტუმრებს მოწიწებითა და თავაზიანად ემსახურებოდა. მეორე დღეს ბაგრატ მუხრანბატონმა მასპინძელს უთხრა, ვიცით, რომ უფლისწული აქ გყავთ დამალული და ჯობს გამოგვიჩინოთო.
გაიკვირვა გარსევანმა, ტყუილი მოუჩმახავთო თქვენთვის. „ვინც თქვენ თქვენი თვალით ჩემს სახლში არ გიხილავთ, იმათ მეტი არც არავინ მყავს — არც დიდის კაციშვილი, არცა ცოტასიო“. მერე „ფიცითა საშინელითა“ განამტკიცა საკუთარი სიტყვები და ბაგრატმაც დაუჯერა კახელ თავადს.
ვერ მიხვდნენ ქართლელები ამ „საშინელი ფიცის“ ჭეშმარიტ არსს; ვერ მიხვდნენ, რომ ის მერიქიფე მდაბიო ბიჭი, წინა დღეს სტუმრებს თავაზიანად რომ ემასახურებოდა, უფლისწული ლევანი იყო − კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე.
დავით მეფის წარგზავნილები ქართლში ხელცარიელნი დაბრუნდნენ, ხოლო ლევან ბატონიშვილი გარსევან ჩოლოყაშვილმა მიუვალ და მიუდგომელ ოჩნის ციხეში გადამალა.
1518 წელს ქართლს ყიზილბაშები შემოესივნენ და დავით მეფემ კახეთისთვის ვეღარ მოიცალა. ამით ისარგებლეს კახელებმა და სამეფო აღადგინეს. გარსევან ჩოლოყაშვილმა სხვა კახელ თავადებთან ერთად ოჩნის ციხე-სიმაგრიდან გამოიყვანა ლევან ბატონიშვილი და სამეფო გვირგვინი დაადგა თავზე.
აი, ამადაც სარგებლობდნენ ჩოლოყაშვილები კახელ ბაგრატიონთა უზომო გულმოწყალებით. ამადაც ხდებოდა ისე, რომ რაც უნდა დაეშავებინა კაცს, თუ გვარად ჩოლოყაშვილი იყო, სასიკვდილო განაჩენი გვერდს აუვლიდა აუცილებლად, მას მხოლოდ ცერა თითს მოკვეთდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0