რა დაავადებებს კურნავს კატა: დამტკიცებულია მეცნიერულად

© Pixabay / nhudaibnumukhtarკატა ქუჩაში
კატა ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. კვლევებმა აჩვენა, რომ კატების პატრონებს 30%-ით ნაკლებად ემართებათ გულის შეტევა, ვინაიდან ეს ცხოველი უკიდურესად სასიკეთო გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს რა სტრესის გავლენას ორგანიზმზე, აცხადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები.
იმ ფაქტზე, რომ კატას ადამიანის განკურნება შეუძლია, ჯერ კიდევ უძველეს დროში ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეს თერაპიული ეფექტი ოფიციალურად მხოლოდ გასული საუკუნის შუა ხანებში დადასტურდა, როდესაც ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა სპეციალიზებულ კლინიკებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სამკურნალოდ ზოოთერაპიული სეანსების ჩატარება დაიწყეს. მერე კი ლონდონელმა სწავლულებმა ისიც დაამტკიცეს, რომ კატის მიერ გენერირებული მიკროდენები კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე.
ზუსტი პასუხი, თუ როგორ მკურნალობენ კატები ადამიანებს, ჯერაც არ არის ცნობილი. თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათთან კონტაქტისას ადამიანის ორგანიზმში ოქსიტოცინის გამომუშავება იზრდება − ჰორმონისა, რომელიც სტრესისა და შფოთვის დონეს ამცირებს და გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
კატების სხვა თერაპიული უნარები, რომლებიც მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, ასე გამოიყურება:
კატის კრუტუნი ისეთსავე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, როგორსაც ულტრაბგერითი მკურნალობა. კრუტუნი ააქტიურებს სარეგენერაციო ფუნქციებს, რის შედეგადაც როგორც თავად კატას, ისე ადამიანს ჭრილობები და მოტეხილობები უფრო სწრაფად უხორცდება.
კატა, რომლის სხეულის საშუალო ტემპერატურა 38-39 გრადუსია და რომელსაც სითბო უყვარს, იოლად გრძნობს, სხეულის რომელ ნაწილში ეწყება ადამიანს ანთებითი პროცესები. სწორედ ამიტომ სჩვევია ადამიანის მტკივნეულ ადგილებზე მოკალათება, რითაც ერთგვარი სათბურას როლს ასრულებს.
კატის ბეწვი დაბალი სიხშირის დენის უძლიერესი გენერატორია. კლასიკურ მედიცინაში ამგვარ დენს ცალკეულ ქსოვილებში სისხლის მიწოდების გასაუმჯობესებლად და შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად იყენებენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტატიკური ელექტროენერგია, რომელიც კატის სხეულზე ხელის გადასმის მომენტში წარმოიქმნება, სასარგებლო გავლენას ახდენს პოსტოპერაციულ პერიოდში აღდგენით პროცესებზე, ასევე ხელს უწყობს სხვა დაშავებების მოშუშებას.
მიიჩნევა, რომ კატები პატრონის ცუდ განწყობას გრძნობენ და ასეთ მომენტში ყოველთვის მის გვერდით არიან. ადამიანის ემოციებისადმი მაღალ მგრძნობელობას ვომერონაზალური ორგანო განაპირობებს, რომელიც კატას შიშის ან სიხარულის ჰორმონების ყნოსვით გასარჩევად სჭირდება.
გარდა ამისა, ბოლო ათწლეულებში ჩატარებულმა უამრავმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ კატები ასევე ხელს უწყობენ ზოგი დაავადების პროფილაქტიკას და მკურნალობენ კიდეც ბევრ პათოლოგიას. ესენია:
გულის დაავადებები − როგორც აშშ-ის მინესოტის უნივერსიტეტის სწავლულებმა 10-წლიანი კვლევით დაადგინეს, კატების პატრონებს 30%-ით ნაკლებად ემართებათ გულის შეტევა, ინსულტი და გულის სხვა დაავადებები.
უძილობა − აშშ-ის მაიოს კლინიკის ექიმებს გამოკითხულთა 41%-მა დაუდასტურა, რომ კატასთან ერთად ძილი უსაფრთხოების განცდას აძლევთ. ამასთან, კატის დამამშვიდებელი კრუტუნის წყალობით სწრაფი ძილის ფაზა უფრო მალე დგება.
დეპრესია − კვლევითი ცენტრი Mental Health Foundation-ის და HABRI-ს ინსტიტუტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კატის სხეულზე ხელის გადასმა ნეგატიურ აზრებს აქარვებს და მძიმე სიტუაციების გადახარშვაში ეხმარება ადამიანს. როგორც რესპონდენტების 74-76%-მა განუცხადა მეცნიერებს, კატებთან რეგულარულ კონტაქტს შედეგად ფსიქოემოციური მდგომარეობის ნორმალიზება და ნერვების დამშვიდება მოსდევს.
მარტოობის შეგრძნება − ვენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ კატები მიჯაჭვული არიან პატრონზე, შეუძლიათ გამოიჩინონ გულწრფელი სიკეთე და თანაგრძნობა. მეცნიერებმა გააანალიზეს შინაური ცხოველების ქცევა დღის განმავლობაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხოველი ადამიანთან კონტაქტით უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე ჭამით, ძილით ან აქტიური თამაშებით.
ალერგია − აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ოჯახში დაბადებული ბავშვები, რომლებშიც კატები ჰყავთ, უფროს ასაკში ბევრად მეტად არიან დაცული ალერგიისა და ასთმატური გამოვლინებებისგან. მათი დასკვნით, ადრეულ ასაკში ოჯახის კატასთან რეგულარული კონტაქტი ანტისხეულების გამომუშავებას უწყობს ხელს, რისი წყალობითაც ადამიანი მედეგი ხდება სეზონური ალერგიების, მტვრის ტკიპებისა თუ ცხოველთა ბეწვის მიმართ.
აუტიზმი და სხვა ფსიქიკური დარღვევები − მისურის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატასთან ურთიერთობა აუმჯობესებს აუტისტი პაციენტების მდგომარეობასა და სოციალურ უნარებს, შეუძლია განკურნოს განწყობის ძლიერი ცვალებადობა. სხვათა შორის, მსგავსი ეფექტი შეინიშნებოდა ძაღლთან, ცხენთან ან დელფინთან კონტაქტის დროსაც.
ყველა ახალი ამბავი
0