თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: ყოფილმა მძევლებმა დეტალები გაიხსენეს

© photo: Sputnik / Stringerთავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: თავდამსხმელის აყვანა
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: თავდამსხმელის აყვანა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
თავდამსხმელმა არაფერი იცოდა უკანა კარის შესახებ და თავიდან ვერ ხვდებოდა, სად იკარგებიან მძევლები
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ყოფილმა მძევლებმა უამბეს ჟურნალისტებს ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის დეტალების შესახებ - იარაღზე, ბოროტმოქმედის ემოციურ მდგომარეობაზე, უკანა კარზე.
სამშაბათს ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. მძარცველმა, რომელსაც 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი და ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. შსს-ს სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. საბოლოოდ თავდამსხმელი - 37 წლის გრიგოლ ნარსია - დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს.

„ყველაფერი ზურგჩანთით შემოიტანა, გარეთ ისროლა, შემოვიდა, კარი მიხურა, გაიძრო [მოსაცმელი], იარაღით ხელში იყო... ზურგჩანთიდან ამოიღო ხელყუმბარები, კედელზე მიამაგრა“, - განაცხადა ყოფილმა მძევალმა ვანო ხეცურიანმა.

იმის შესახებ, რომ დროდადრო ბანკში სტრესული სიტუაცია იყო, ყოფილმა მძევალმა, ეკა შელიამ გაიხსენა.
„პერიოდულად განერვიულდებოდა ხოლმე და იყო რისკი, რომ რომელიმე მძევლისთვის რამე მოეწია. პერიოდულად, თანხა რომ არ მოჰქონდათ და რომ აგვიანდებოდათ, ძალიან აგრესიული იყო. ისე, ნამდვილად არ გვერჩოდა, უნდოდა, რომ ყველა უვნებლად გავსულიყავით“, - აღიარა შელიამ.
რაც შეეხება მძევლების გათავისუფლებას, როგორც აღმოჩნდა, ისინი უკანა კარით ჩუმად გაიყვანეს.
მინისტრის მოადგილე: თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება >>
„მერე ორი ბიჭი გავიდა, მერე ქალი გავიდა, მერე მესამე გოგო გავიდა, მეოთხე ქალი გავიდა და რომ აღარ დაბრუნდნენ, მერე დაეჭვდა და მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე“, - განაცხადა ხეცურიანმა.
სხვა ყოფილი მძევლის, შალვა ასათიანის თქმით, უკანა კარი გარედან შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს.
„გამოვედი უკანა კარიდან, რომლის შესახებაც იმან [თავდამსხმელმა] არაფერი იცოდა. პოლიციამ გააღო კარი, გახსნა ტერიტორია, შევხედე, რომ პოლიციელები იყვნენ, გვითხრეს, გამოდიო და გამოვედით. ჩემ გარდა, იქამდე ორი თანამშრომელი გოგო გამოვიდა და შემდეგ გამოვყევით ჩვენ. გამოვეპარეთ, მაგრამ ეს იყო თანამშრომლების დამსახურება, რადგან მათ გახსნეს ის კარი. დალუქული იყო ის კარი და ალბათ რაღაცით გახსნეს ან გაჭრეს და გამოგვიყვანეს“, - აცხადებს ასათიანი.
იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლება ეტაპობრივად განხორციელდა, შსს-შიც აღნიშნეს.
ბოროტმოქმედი ისე დააკავეს, რომ სასურველი თანხა ვერ მიიღო. თავდაპირველად მამაკაცმა 2 მილიონი დოლარი მოითხოვა, მოგვიანებით ამას დაემატა ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. ბოლოს მან მოთხოვნილი თანხა 1,5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.
საქართველოს მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბანკში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოტრანსლაციებით - თავდამსხმელი მძევლებს პერიოდულად სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გასვლას აიძულებდა. ვიდეოს გავრცელებას მოითხოვდა თავად თავდამსხმელი, ამით ის ცდილობდა ყველას დარწმუნებას, რომ სერიოზულად იყო განწყობილი, შეიარაღებული და უკან დახევას არ აპირებდა.
„მძევლებისთვის სიცოცხლით რისკავდნენ“ - პაპუაშვილმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა >>
ბრალდებულიც არაერთხელ გამოჩნდა კადრში - ის იყო ნიღბით და სამხედრო ფორმა ეცვა.
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-ში განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედს თან ჰქონდა დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და გარკვეული ნივთიერებები, რომლებზეც ექსპერტიზა დაინიშნა.
მამაკაცს ედავებიან ტერორისტული აქტის ჩადენას, ადამიანების ტერორისტული მიზნებისთვის მძევლად აყვანას და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. უახლოეს მომავალში დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. გრიგოლ ნარსიას ბრალდებას უახლოეს დროს წაუყენებენ.
ყველა ახალი ამბავი
0