კალაძემ შსს-ს თანამშრომლებს ბანკში სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა

© photo: Sputnik / Stringerთავდასხმა „საქართველოს ბანკზე", ქუთაისი
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე, ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
პროფესიულად ჩატარებული სპეცოპერაციის წყალობით ყველა მძევალი დაუბრუნდა თავის ოჯახს, ხოლო დამნაშავე დაკავებულია, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქვეყნის უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და მოქალაქეების სიმშვიდე სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე დგას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და წარმატებული მუშაობისთვის შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
გუშინ ქუთაისში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა 14 ადამიანი. ბანკის აფეთქების მუქარით მან 2 მლნ დოლარი მოითხოვა. სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. თავდამსხმელი დააკავეს, ხოლო მძევლები გაათავისუფლეს.

„გუშინ მთელი საქართველო დაძაბული ადევნებდა თვალს ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს. ეს იყო ძალიან მძიმე დღე, რომელიც, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებაში დიდია ჩვენი სამართალდამცველების წვლილი", – განაცხადა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, პროფესიულად ჩატარებული სპეცოპერაციის წყალობით მძევლები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, თავდამსხმელი კი დაკავებულია.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეულ სამართალდამცველს", – განაცხადა კალაძემ.
როგორც შსს-ში აღნიშნეს, მძევლების გათავისუფლება ეტაპობრივად განხორციელდა, ბოროტმოქმედი კი დააკავეს.
ბრალდებული გრიგოლ ნარსია აღმოჩნდა. მოლაპარაკებები თავდამსხმელთან მძევლების შუამავლობით მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, ბოროტმოქმედი მძევლებს პერიოდულად პირდაპირ ეთერში გასვლას აიძულებდა სოციალური ქსელების მეშვეობით. სწორედ ამის წყალობით ყველამ შეიტყო, რომ ბანკის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, ასევე რას ითხოვდა თავდამსხმელი.
მინისტრის მოადგილე: თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება>>
თავიდან თავდამსხმელმა მოითხოვა 2 მლნ დოლარი, შემდეგ შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებულს ბრალი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარედგინება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0