IFTM Top Resa 2022: საქართველო საფრანგეთში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

© Georgian National Tourism Administration გამოფენა IFTM Top Resa
 გამოფენა IFTM Top Resa - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურისტულ გამოფენა IFTM Top Resa-ში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
პარიზის ტურისტული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელსაც წელს ტურიზმის სფეროს 34 ათასი წარმომადგენელი ესწრება. გამოფენაზე მსოფლიოს 200 ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1,7 ათასი ბრენდია წარმოდგენილი. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში 150 კონფერენცია გაიმართება.
IFTM Top Resa-ს გამოფენაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ათამდე ქართული ტურისტული კომპანია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს. ღონისძიებაში ქართული მხრიდან ასევე ჩართული არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და სამცხე-ჯავახეთის იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.

„საფრანგეთი ჩვენს ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შესაბამისად, IFTM Top Resa-ს გამოფენაში მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ღონისძიებაზე კერძო სექტორთან ერთად ვართ წარმოდგენილი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონში ჩვენი ტურისტული პოტენციალი უფრო მეტად წარმოვაჩინოთ“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

მისი თქმით, გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და პრეზენტაციებს გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0