„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა: ბრალდებულს ხუთი ადვოკატი დაიცავს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ხუთი ადვოკატი დაიცავს, განაცხადა ადვოკატთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ციცი ბაბუნაშვილმა.
გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს ბანკიდან მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლად 14 ადამიანი აიყვანა და ბანკის აფეთქების მუქარით მისი პირობების შესრულება მოითხოვა. სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გაათავისუფლეს.

„გრიგოლ ნარსიას ინტერესებს ჩვენი გუნდი იცავს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და დაცვის სტრატეგიას შევიმუშავებთ. პირველ რიგში დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დავნიშნავთ ექსპერტიზას“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარედგინება.
რაც შეეხება სპეცოპერაციის დეტალებს, მძევლების გათავისუფლება ეტაპობრივად განხორციელდა. თავდამსხმელი დააკავეს სასურველი თანხის მიღების გარეშე. საბოლოოდ მან მოთხოვნილი თანხა 1,5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.
მთელი დღის მანძილზე ბოროტმოქმედი მძევლებს სოციალურ ქსელში პერიოდულად პირდაპირი ეთერის ჩართვას აიძულებდა. სწორედ ამის წყალობით გაიგო საზოგადოებამ თავდამსხმელის მოთხოვნები და ისიც, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. თავიდან მამაკაცმა 2 მლნ დოლარი მოითხოვა, შემდეგ მას დაემატა ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა.
ყველა ახალი ამბავი
0