ძალოვანები „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

© photo: Sputnik / Stringerსპეცოპერაცია ქუთაისში
სპეცოპერაცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რას გეგმავს თავდამსხმელი, ასევე არ ვრცელდება მისი მოთხოვნების შესრულების თაობაზე რაიმე ინფორმაცია.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
ტელეკომპანია „პირველი არხის“ ინფორმაციით, ბოროტმოქმედი სამართალდამცველებს მძევლების შუამავლობით ეკონტაქტება. მოლაპარაკებებს იმერეთის რეგიონის პოლიციის უფროსი ზაზა ცხაკაია აწარმოებს.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შენობაში ამ დროისათვის 12 მძევალი რჩება. ორი ქალი უკვე გაათავისუფლეს.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილია 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა ბანკის შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. ერთ-ერთი მძევალი ბოროტმოქმედის კარნახით ამბობს, რომ შესასვლელი კარი დანაღმულია. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და კარის გაღების შემთხვევაში აფეთქება მოხდება.
ასაფეთქებელის მსგავსი მოწყობილობები თავდამსხმელს მიმაგრებული აქვს ტანზეც, ხელში კი, სავარაუდოდ, გამშვები მექანიზმი უჭირავს.
ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები არიან მობილიზებული.
„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის ოთხი მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0