სააკაშვილი პროცესზე ვერ გამოცხადდა - სხდომა გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი სასამართლოს სხდომას ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემის გამო 27 ოქტომბრისთვის გადაიტანეს მისი საქმის მორიგი პროცესი, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯებს.
საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა წაიკითხა პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს სხდომის მის გარეშე გაგრძელებაზე.
მოსამართლემ ასევე წაიკითხა სამედიცინო დაწესებულება „ვივამედიდან” მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ის ფაქტორი, რის გამოც დღეს პროცესი ვერ შედგა. ყველას კარგად გვესმის, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციური სისტემაში უკიდურესად დამძიმდა და ის საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას”, – განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, ექს-პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 49,5 ათასი ლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხარჯები სასტუმროების ძვირადღირებულ ნომრების, სპა-სალონებისთვის და ა.შ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0