დეპრესიის საფრთხე: რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი?

© courtesy of Maria Gvedashviliმარია გვედაშვილის ფოტო "ტომბოი"
მარია გვედაშვილის ფოტო ტომბოი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. სასწავლო წლის დაწყების, შეჯიბრების, კონკურსისა თუ სხვა ტიპის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, როცა შფოთვისა და სტრესის დონე რეკორდულ ნიშნულს აღწევს, ბევრი ბავშვი უჩივის ხოლმე მუცლის ტკივილს, რაზეც ზოგი მშობელი შეიძლება დიდად არც რეაგირებდეს და წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ რეალურად მსგავსი რამ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, აცხადებს სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი ნიკოლ სავანგპონტ პატამანუჩი.
ექიმის თქმით, ბევრ მშობელს გაცნობიერებული არ აქვს, რომ მუცლის ტკივილს შფოთვა იწვევს, რაც ხდება კიდეც დეპრესიის მიზეზი ბავშვებში. დეპრესია კი, თავის მხრივ, შემდგომში ფსიქიკური დარღვევების საფუძველი ხდება.

„თუ ტვინს სტერეომიმღებისა და დინამიკების სახით წარმოვიდგენთ, გასაგები გახდება, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ნაწლავების სისტემა ტკივილს ჯერ ხერხემალს ამცნობს, რომელიც სიგნალებს ტვინს გადასცემს. ფიზიკურ თუ ემოციურ სტრესში მყოფი ბავშვები კი ხშირად სტერეომიმღებზე ხმის რეგულატორს რთავენ. ის, თუ როგორ იღებს და განმარტავს ტვინი ტკივილის სიგნალს, მჭიდრო კავშირშია ემოციურ მდგომარეობასთან“, − ამბობს პატამანუჩი.

ექიმი მშობლებს შფოთვითა და სტრესით გამოწვეული მუცლის ტკივილის შესახებ განმარტებას აძლევს და უმნიშვნელოვანეს სიმპტომებზე ამახვილებინებს ყურადღებას.
ბავშვი შფოთვის ქცევით ნიშნებს ამჟღავნებს, თუ ის:
ამბობს: „არ შემიძლია ამის გაკეთება!“ – უმიზეზოდ;
გამუდმებით ეძებს მეგობრების, მასწავლებლებისა თუ მშობლების მხრიდან მოწონებას;
ბრაზობს და აგრესიული ხდება, როდესაც მშობლებს ან ახლობლებს შორდება;
უარს ამბობს გამოელაპარაკოს თანატოლებს, ვთქვათ, საბავშვო მოედანზე ან მაღაზიაში, გაურბის მათთან ურთიერთობას დასვენების დღეებში თუ გაკვეთილების შემდეგ;
უარს ამბობს სკოლაში სიარულზე;
ჩუმად და უმოქმედოდაა მაშინ, როცა წესით სხვებთან ერთად უნდა ერთობოდეს ან რაღაცას აკეთებდეს;
უარს ამბობს საკლასო აქტივობებში ჩართვაზე;
ხშირად კითხულობს: „რას იზამ, თუ...“ (მაგალითად: „რას იზამ, ცუდი რამე რომ მოხდეს?“).
ბავშვს შფოთვის ემოციური ნიშნები აქვს, თუ:
ხშირად ემართება ისტერიკა;
ხდება უკიდურესად მგრძნობიარე;
აქვს აკვიატებული ქცევა ან აკვიატებული აზრები;
ხშირად ტირის;
ზედმეტად ღელავს;
ეშინია შეცდომის დაშვების;
უმიზეზოდ ბრაზობს და ბუზღუნებს;
ხშირად ესიზმრება კოშმარები;
ღელავს მომავალზე;
შიშობს, რომ მის პრობლემებს სხვა შეიტყობს;
აქვს გადაჭარბებული შიშები;
ემართება პანიკის შეტევა ან ეშინია პანიკის შეტევისა.
ბავშვს შფოთვის ფიზიკური ნიშნები აქვს, თუ:
უჭირს დაძინება;
კუნთები დაჭიმული აქვს;
როცა ეშინია, იოფლება და კანკალებს;
არის ჰიპერაქტიური, გაფანტული, მოუსვენარი;
სახლის გარდა არსად არ შედის საპირფარეშოში;
უარს ამბობს საბავშვო ბაღში თუ სკოლაში ჭამაზე;
ხშირად უჩივის მუცლისა თუ თავის ტკივილს, მაშინაც კი, როცა სამედიცინო მიზეზი არ არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0