საბა საზონოვი საქართველოს სახელით ითამაშებს - ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის ბურთი
ფეხბურთის ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
საბა საზონოვს მამა ეროვნებით რუსი ჰყავს, ხოლო დედა ქართველი. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მოსკოვის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვის „დინამოს“ ახალგაზრდა ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით ითამაშებს.
20 წლის ფეხბურთელს მამა ეროვნებით რუსი ჰყავს, ხოლო დედა ქართველი. ახალგაზრდა ფეხბურთელი სანქტ-პეტერბურგშია დაბადებული და ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეა.
სავარაუდოდ, თავდაპირველად საზონოვი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება. პორტუგალიასთან და თურქეთთან სათამაშოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის საზონოვი თავიდან არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ მოსკოვის „დინამოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ ცენტრალურ მცველს მანამდე რუსეთის U21-ის გუნდშიც კი უხმეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მიეცეთ შანსი.

„ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ მათი პროფესიული წინსვლა შემდეგ გამოადგეს ეროვნულ გუნდებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს. საბა საზონოვს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დიდი ხანია ვაკვირდებით, ადრეც გვქონდა მასთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია. ახლა უკვე ველოდებით საწვრთნელი პროცესის დაწყებას და 21-წლამდელების იმ მნიშვნელოვან მატჩებს, რომლებიც პორტუგალიაში და თურქეთში გველოდება“, – განაცხადა იაშვილმა.

საბა საზონოვმა საფეხბურთო კარიერა „ზენიტში“ დაიწყო. 2020/21 წლების სეზონში „ზენიტის“ პირველი გუნდის მაისურით რუსეთის პრემიერ-ლიგაში ერთი მატჩი ჩაატარა, ხოლო მომდევნო წელს მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საზონოვი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და გასულ 10 ტურში 8 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. 192 სმ სიმაღლის ფეხბურთელი ცენტრალური მცველია და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (U21) მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს გამართავს და ამხანაგურ მატჩში პორტუგალიას დაუპირისპირდება. შესაძლოა საბა საზონოვი უკვე ამ მატჩისთვის განაცხადშიც მოხვდეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0