მკვლელობა და დაჭრა კიკეთში: შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
გელა ნიორაძეს, რომელმაც 6 პირი დაჭრა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. კიკეთში გუშინ საღამოს მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებული პირი ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 17 სექტემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
უწყების ცნობით, 1968 წელს დაბადებული ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მომხდარი ვალს უკავშირდება. გელა ნიორაძე ხოჯიკაშვილების ოჯახს საქმის გასარჩევად მიუვარდა, სადაც სტუმრებიც იმყოფებოდნენ. გია გათენაძე სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როცა ის ნიორაძისთვის იარაღის წართმევას და დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. გათენაძე წყნეთის გზაზე, სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაჭრილებს შორის არიან ხოჯიკაშვილების მოხუცი დედა და ოჯახის სტუმრები. ტელეარხის ინფორმაციით, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტს მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0