მოსაზრება: ამერიკამ უარი განაცხადა ევროპის გადარჩენაზე

© AFP 2024 / AFP 2020 / STR
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ზაფხული მიიწურა, ზამთრის სიცივეები კი ჯერ შორსაა, ნაქებ დასავლურ ერთობას ბზარი უჩნდება. უცხოურ პრესაში იბეჭდება ამერიკელი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიების მრავალრიცხოვანი ინტერვიუები, სადაც ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ვერ იხსნიან ევროპას ენერგომატარებლების დეფიციტისგან და ამ უკანასკნელთ მოუწევთ სერიოზული გამოცდისთვის მზადება.
სიტუაციის ირონიულობა ისაა, რომ სწორედ ვაშინგტონი უბიძგებდა აქტიურად და პრაქტიკულად ულტიმატუმს უყენებდა ბრიუსელს, შემოეღო ყველანაირი შესაძლო შეზღუდვა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის მიწოდების წინააღმდეგ. მოსალოდნელი იყო, რომ ემბარგოს დაწესება რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა და ამოაშრობდა ბიუჯეტს, რომელიც, როგორც ბევრი იყო დარწმუნებული, ენერგომატარებლების ევროპაში ექსპორტზე იყო დამოკიდებული.
თუმცა რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვისა და ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესების მცდელობის შემდეგ უეცრად აღმოჩნდა, რომ ამ სიცარიელის ამოვსება საკმაოდ პრობლემურია და სხვა ქვეყნებიდან რესურსების შემოტანა გაცილებით ძვირი ჯდება. მაგალითად, ერთი ტონა ნახშირი 350 დოლარზე მეტი ღირს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. ნავთობის ბაზარზე სიტუაცია შესანიშნავად აღწერა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯენეტ იელენმა. როგორც კი სრულად აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი – ამის შესაძლებლობა კი ჯერ ისევ იხილება, და ემბარგო წლის ბოლომდე ამოქმედდება – ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ ნახტომს, როდესაც ერთი ბარელისთვის 100 დოლარზე მეტს მოითხოვენ. ცალკეული ამერიკელი ეკონომისტები და ანალიტიკოსები 120-140 დოლარიან ნიშნულზეც კი საუბრობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელებმა მართლაც ძლიერ და მკვეთრად გაზარდეს თავიანთი წილი ევროპის იმპორტში. მაგალითად, აპრილში ამერიკელი მენავთობეები ევროპელ მეგობრებს დღეში რეკორდულ 1,5 მილიონ ბარელს აწვდიდნენ. შედეგად, ევროპა გახდა გასაღების მთავარი ბაზარი, რომელზეც უცხოეთში გატანილი გაზის 68 პროცენტი მოდიოდა. მეტიც, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა მიწოდებას.
მაგრამ რეალურად მოხდა ბაზრის ბანალური გადაკეთება, როდესაც ერთმა გამყიდველმა დააშინა მყიდველი და დაპირდა მას ოქროს მთებს, შედეგად კი უბრალოდ განდევნა ბაზრიდან კონკურენტი.
Pioneer Natural Resources-ის დირექტორი აზუსტებს, რომ აშშ-ში ჭაბურღილების რაოდენობა ბოლო წელიწადში პრაქტიკულად არ შეცვლილა და არც იგეგმება. მეტიც, მოსალოდნელია ნედლი ნავთობის წარმოების შემცირება დღეში ერთ მილიონ ბარელამდე. რადგან ევროკავშირის მხრიდან შემდგომი შეზღუდვების დაწესება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოცულობა ევროპაში 20 პროცენტამდე შემცირდება. ბაზრების რეაქცია ადეკვატური იყო და Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 95 დოლარიან ნიშნულზე შენარჩუნდა. ხოლო მიწოდების მოსალოდნელი შემცირების და ოკეანის მიღმა განცხადებების გათვალისწინებით შეიძლება თამამად ითქვას, რომ შავი ოქრო არ გაიაფდება.
ცეცხლს ნავთი დაასხა ალექსანდრ ნოვაკის გამოსვლამაც, რომელმაც ევროკავშირში ბუნებრივი გაზის ექსპორტის 50 მლრდ კუბომეტრამდე შემცირების პროგნოზი გააკეთა, რაც ნიშნავს 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით მოცულობის სამჯერ შემცირებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტი მოგებას ვერ მიიღებს. ახლო მომავალში გაიმართება მოლაპარაკება მაგისტრალური გაზსადენი „ციმბირის ძალა-2“-ის მშენებლობაზე. ამჟამად მიმდინარეობს პირველი „ძალის“ მილსადენით მიწოდების მოცულობის გაზრდა არანაკლებ 20 მილიარდი კუბომეტრი საწვავით. ამას ემატება ვლადივოსტოკიდან ჩინეთის ჩრდილოეთში დაგეგმილი გაზსადენის ტექნიკური შემუშავება, რაც დამატებით 10 მილიარდ კუბომეტრს ნიშნავს. მართალია, ჩამოთვლილი პროექტები ხვალვე არ ამოქმედდება, მაგრამ საბოლოოდ დააკავშირებს რუსეთს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან.
რაც შეეხება თავად ევროპაში ამერიკელი ენერგეტიკოსების განცხადებებზე რეაქციებს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მოსალოდნელია ნებისმიერი რამ - დაწყებული სახალხო უკმაყოფილებით, დამთავრებული ამ პოლიტიკური ბლოკის დაშლით.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამ დღეებში სასტიკად გააკრიტიკა გერმანია და ის მიმდინარე კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. მორავეცკიმ განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკა დანგრეულია და ამის მიზეზია ბერლინის უარი ნახშირისა და ატომურ ელექტროსადგურებზე, ასევე ზედმეტი დამოკიდებულება „ჩრდილოეთის ნაკადებზე“, რომლებიც ცნობილი მიზეზების გამო ვერ ასრულებენ საპროექტო ფუნქციებს.
იმავე პოლონეთმა განაცხადა, რომ გერმანელებისგან ითხოვს რეპარაციებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ოკუპაციის წლებისთვის - ტრილიონ დოლარზე მეტს. ანუ ვარშავა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების (რომელიც არ უნდა დააბრუნოს) მთავარი მიმღები, მაქსიმალურად ამწვავებს ურთიერთობას მთავარ დონორთან. ეს მხოლოდ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე მეტყველებს, რომელიც ენერგორესურსების კრიზისიდან ამოიზარდა.
მიმდინარე კრიზისი აშშ-ის ხელით შეიქმნა. და ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ ევროპაში დაშლის რეალური პროცესები არ დაიწყება. თუმცა, შესაძლოა, კრიზისის კონსტრუქტორებს სწორედ ეს აქვთ ჩაფიქრებული.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0