მარტივი ლაიფჰაკები დიასახლისებისთვის: ეს ხერხები ბევრმა არ იცის
16:09 16.09.2022 (განახლებულია: 22:09 16.09.2022)
© Pixabay / 6581245სახლის დასუფთავება
© Pixabay / 6581245
გამოწერა
დაგვეთანხმებით, რომ დიასახლისებს პატარა ხრიკების გამოყენება ბევრად უადვილებს საოჯახო საქმეებს.
ეს ხრიკები შესაძლოა ავეჯიდან მტვრის მოშორებას, სამოსიდან ლაქების ამოყვანას, უსიამოვნო სუნის გაქრობას ან სხვა საქმეებს ეხებოდეს. ამიტომ მათი ცოდნა ძალიან სასარგებლოა.
ქვემოთ „სტაჟიანი“ დიასახლისების გამოცდილების ნაყოფს — რამდენიმე მართლაც საჭირო რჩევას გაგაცნობთ.
თუ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი გაუჩნდა − ჩვეულებრივ წინდაში ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი საკვები სოდა და ჩადეთ ის ფეხსაცმელში. დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. სოდა სრულიად შთანთქავს ნებისმიერ ცუდ სუნს.
თუ ქრომირებული ჭურჭლის, ჩაიდნისა თუ ქვაბის, ასევე უჟანგავი ფოლადის ნიჟარებისა თუ გაზქურების გაპრიალება გსურთ − ჩაასხით ქილაში დაახლოებით 200 გრამი კოკა-კოლა, დაამატეთ ცოტა კბილის პასტა (დაახლოებით იმდენი, რამდენიც კბილის ჯაგრისზე ეტევა), კარგად მოურიეთ და ჩაასხით პულვერიზატორში. გააჯანჯღარეთ, შეასხურეთ ზედაპირს და გაწმინდეთ ღრუბლით.
თუ გაზქურის ღუმელი და მისი ლანგარი ძალიან დაგიბინძურდათ ცხიმისა და ნამწვისგან — დაყარეთ ლანგარზე ერთი შეკვრა ლიმონის მჟავა, მოასხით ერთი ჭიქა წყალი, შედგით ღუმელში ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე. როდესაც წყალი თითქმის დაშრება, ღუმელიცა და ლანგარიც უბრალოდ ჩვრით გაწმინდეთ.
თუ ავეჯიდან მტვრის წამდაუწუმ გადაწმენდამ დაგღალათ — აიღეთ ჯამი, ჩაასხით შიგ ცოტა წყალი და სარეცხის ნებისმიერი კონდიციონერი, მოურიეთ, ჩაასველეთ შიგ ტილო, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ ავეჯი. მტვერი კარგა ხანს ვეღარ „მოიკიდებს ფეხს“ მასზე.
თუ სამზარეულოს კარადებიდან ჩამჯდარი ცხიმის მოშორება გსურთ — თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს საკვები სოდა და ჩვეულებრივი ზეთი, კარგად მოურიეთ, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. შემდეგ წაუსვით დაბინძურებულ ზედაპირს 30 წუთით. ამასობაში ჩამჯდარი ცხიმი კორკოშელებად შეიკვრება. აიღეთ რბილი ღრუბელი, დაასველეთ წყალში, გაწურეთ და გადაუსვით ზედაპირს. თუ პირველ ცდაზე ცხიმი მთლიანად არ ამოვა, გაიმეორეთ პროცედურა.
თუ ტაფის გარე ძირი შავი ცხიმოვანი ნამწვით დაიფარა — მოაყარეთ ზედ ცოტა მარილი — დაახლოებით ერთი მწიკვი, ამდენივე საკვები სოდა, მოასხით ჭურჭლის ჟელე და ნარევი ჩვრით გადაანაწილეთ ზედაპირზე. შემდეგ დააფარეთ ზემოდან ქაღალდის ხელსახოცები ისე, რომ ტაფის ძირი მთლიანად დაიფაროს, და მოასხით ზემოდან მაგარი ძმარი. დატოვეთ ასე გარკვეული ხნის განმავლობაში, შემდეგ კი გაწმინდეთ. ტაფა ახალივით გახდება.
თუ გაზქურის ცხაურიდან მიმწვარი ცხიმის მოშორება გსურთ — ჩადეთ ცხაური პოლიეთილენის პარკში, მოასხით 50 მლ ნიშადურის სპირტი, მოუკარით თავი, ზემოდან კი კიდევ ერთი პაკეტი ჩამოაცვით, რათა ჰერმეტულად დაიხუროს (შეგიძლიათ სკოჩით დაამაგროთ). დატოვეთ ერთი ღამის განმავლობაში. დილით ცხაურიდან მთელი სიბინძურე ხელის ერთი გასმით მოშორდება.
დაბოლოს: იცით, რატომაა ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები სხვადასხვა ფერის? იმიტომ, რომ:
ყვითელი და ფორთოხლისფერი — ყველაზე ნაზი ღრუბლებია, გამოიყენება ფუჟერებისა და მინის სხვა ჭურჭლის გასარეცხად;
წითელი — ცოტა უხეშია. გამოიყენება ჩამჯდარი ჭუჭყისა და კერძის მიმხმარი ნარჩენების მოსაშორებლად;
მწვანე — ყველაზე უხეშია, უმკლავდება ნებისმიერ ჭუჭყს;
ლურჯი — მწვანეზე ნაკლებად უხეშია, გამოიყენება სანტექნიკისა და ემალირებული ზედაპირების გასაწმენდად.