შეიმსუბუქე წარსულის ტვირთი, გადაწერე მოგონებები: სამი რჩევა ფსიქოლოგებისგან

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. მით უმეტეს, რომ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანის ტვინი ყოველ ჯერზე განწყობის მიხედვით „არჩევს“ მოგონებებს.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სურვილის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია მიზანმიმართულად შეცვალოს წარსულისადმი დამოკიდებულება, რათა მომავალში ცხოვრება არ გაიმწაროს ცუდი მოგონებებით.
ფსიქოლოგები გასწავლიან, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაზე მარტივად.

ჩაიწერეთ კარგი მოგონებები

განწყობა და მეხსიერება ერთმანეთთან არის დაკავშირებული: ცუდი მოგონებები ნეგატიურ გრძნობებს აჩენს, გაიძულებთ იფიქროთ ყველაფერ ცუდზე თქვენი წარსულიდან. თუ ამ დროს შეეცდებით და განზრახ გაიხსენებთ რაიმე კარგს, ამით ჩაკეტილ წრეს გაარღვევთ.
კვლევებით დადასტურდა, რომ წარსულის ბედნიერ მომენტებზე ფიქრი აუმჯობესებს განწყობას. ამის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ, თუ სისტემატურად ჩაიწერთ ბედნიერ მომენტებს და „მოგონებების ჟურნალს“ მაშინ გადახედავთ, როდესაც ცუდი მოგონებები შემოგიტევთ და თავს დათრგუნულად იგრძნობთ.

იყავით მადლიერი

„მოგონებების ჟურნალში“ ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ მომენტებზე, რისთვისაც სხვა ადამიანების მადლიერი ხართ, მაგალითად, სიკეთისთვის, სიყვარულისთვის.
2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც თითქმის 3 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ, როდესაც ადამიანები ეთანხმებოდნენ გამონათქვამებს — „ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ არის ისეთი, რისთვისაც მადლობელი ვარ“, „მადლობელი ვარ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა“, ისინი დადებითი ემოციებით იმუხტებოდნენ და განწყობა უუმჯებესდებოდათ.
ამიტომ რეგულარულად გადახედეთ ხოლმე ჟურნალში ჩაწერილ „მადლიერ მოგონებებს“ — ყოველდღე ან კვირაში ერთხელ მაინც.

ისწავლეთ მტკივნეულ მოგონებებზე

ცუდ მოგონებებს შეუძლია მწარე შეცდომის გამეორებისგან იხსნას ადამიანი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, როდესაც ადამიანები განვლილ სიმძიმეს იხსენებენ და აანალიზებენ მას, სამომავლოდ ბევრად აწონილ-დაწონილ გადაწყვეტილებას იღებენ. შესაბამისად, ბევრად ეფექტურად უმკლავდებიან პრობლემებს.
ამიტომ შექმნებით „მოგონებების ჟურნალში“ ცალკე განყოფილება მტკივნეული მოგონებებისთვის და ჩაიწერეთ ისინი მაშინვე, როგორც კი შეგემთხვევათ. თუ დღიურს ხელით აწარმოებთ, დატოვეთ თითოეული ჩანაწერის ქვემოთ ადგილი. ერთი თვის შემდეგ ცუდი მოგონების ქვეშ მიაწერეთ, რა გაკვეთილი გამოიტანეთ ამ ხნის განმავლობაში მწარე გამოცდილებიდან. ექვსი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ მიუბრუნდით მოგონებას და მიაწერეთ ყველა ის სასიკეთო ცვლილება, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მოხდა.
გარწმუნებთ, გაოგნებული დარჩებით, რამდენად შეცვლის ეს „სავარჯიშო“ თქვენს შეხედულებებს წარსულზე.

დასკვნის სახით

სწავლული და პრაქტიკოსი ფსიქოლოგების აზრით, როდესაც თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანას მოისურვებთ, მხოლოდ გარემოსა და სანაცნობო წრის შეცვლა არ გიშველით. დაიწყეთ იმით, რაც თქვენს ცხოვრებას ფონად გასდევს და ყველაზე მეტად გაშფოთებთ.
მაგალითად, თუ საცხოვრებელი ბინა ცუდ მოგონებებს აღგიძრავთ და ამიტომ სადმე სხვაგან გადასვლას გეგმავთ, გაიხსენეთ ის კარგი მომენტები, რომლებიც სწორედ აქ, ამ ბინაში ყოფილა. შესაძლოა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტოთ სხვაგან გადასვლა, მაგრამ ეს გაქცევა კი არ იქნება, არამედ გაცნობიერებული გადაწყვეტილება.
ყველა ახალი ამბავი
0