ფოთში რესტავრირებულ „პირველ მერცხალს“ აჩვენებენ

© courtesy of Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან „პირველი მერცხალი“
კადრი ფილმიდან „პირველი მერცხალი“ - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ფილმის აღდგენილ ვერსიას აჩვენებენ ესპანეთშიც – სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ფოთში კინომოყვარულები რეჟისორ ნანა მჭედლიძის რესტავრირებული ფილმის „პირველი მერცხლის“ ნახვას შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
„პირველი მერცხალი“ 1975 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ეცნობიან ქართული პროვინციის მცხოვრებლები მათთვის ახალ თამაშს – ფეხბურთს.
ფილმის მოქმედება 1917 წელს ფოთში ხდება. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ქალაქი სურათის ჩვენებისთვის.
კინოჩვენება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ 17 სექტემბერს, 19:30 საათზე მოეწყობა. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი.
ფილმის რესტავრაცია ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით 2022 წელს განხორციელდა. რესტავრირებული ფილმი მაყურებელმა პირველად რამდენიმე თვის წინ თბილისში „60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის“ ფარგლებში იხილა.

„პირველი მერცხლის“ აღდგენილ ვერსიას აჩვენებენ ესპანეთშიც – სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Klasikoak.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინოცენტრის ინიციატივით სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება ორიგინალური ქართული ფილმების ასლები რუსული კინოარქივიდან. ამ ეტაპზე უკვე ჩამოტანილია 51 ფილმი. აქედან რესტავრირებულია 38.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0