მოსაზრება: ამერიკელები კვლავ ნავთობის რეზერვებში მიძვრებიან

© AP Photo / David Goldman
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
ნატალია დემბინსკაია
დეკემბრის ემბარგო რუსულ ნავთობზე დასავლეთს აიძულებს ინერვიულოს. ელოდებიან არა მხოლოდ ენერგომატარებლების დეფიციტს, არამედ გაძვირებას. აშშ-ში, სადაც საწვავის ინფლაცია არ ჩერდება, ცდილობენ ამის თავიდან აცილებას სტრატეგიული რეზერვებიდან კიდევ უფრო მეტი მარაგის გაყიდვის გზით. საცავებიდან რამდენი შავი ოქროს ამოსაღებად არიან მზად ამერიკელები და დაეხმარება თუ არა მათ ნავთობის ინტერვენციები – „რია ნოვოსტის“ მასალაში.

გაძვირების შიში

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის შესაბამისად, 5 დეკემბერს ძალაში შედის რუსეთიდან ნავთობის, 5 თებერვალს კი - ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აპირებენ ამის მიბმას რუსული ნახშირწყალბადების ფასებზე.
მოსკოვმა უკვე გააფრთხილა ისინი, რომ აღარ მიჰყიდის ნედლეულს იმათ, ვინც შეზღუდვებს შეუერთდება. როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ბაზრის დესტაბილიზაცია, თანაც პირველ რიგში ევროპელი და ამერიკელი მომხმარებლები დაზარალდებიან.

შავი დღისთვის

Bloomberg-ის მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაციაში „სწავლობენ ნავთობზე ფასების შემცირების მეთოდებს, მათ შორის, სტრატეგიული რეზერვებიდან დამატებითი მოცულობის გამოთავისუფლების შესაძლებლობას“.
ექსპერტების აზრით, ევროპის უარი რუსულ ენერგომატარებლებზე მსოფლიო ბაზარზე გამოიწვევს მოთხოვნილებისა და კოტირებების ზრდას. თუ თეთრი სახლი გადაწყვეტს რეზერვების ამოქმედებას, საწვავის ინტერვენციები მოსალოდნელია ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში.
აშშ-ის სტრატეგიული ნავთობის რეზერვი (SPR), რომელიც ლუიზიანასა და ტეხასში მიწის ქვეშ ინახება საგანგებო სიტუაციებისთვის, უზარმაზარი მარაგია. 2021 წლის ბოლოს ის შეფასებული იყო 600 მილიონ ბარელად.
მაგრამ ბენზინის გაძვირების გამო მოუწიათ მისი გახსნა. მარტში ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ბაზარზე დამატებით 180 მილიონ ბარელს გამოიტანდა.
ეს უპრეცედენტო ნაბიჯია. 2000 წელს, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში არ იყო საკმარისი საწვავი, 2011 წელს კი „არაბული გაზაფხულის“ ფონზე მოიპოვებდნენ არაუმეტეს 30 მილიონ ბარელს. 2021 წლის მიწურულს ცოტა საწვავი გამოიტანეს კოტირებების 100 დოლარზე ქვემოთ შესანარჩუნებლად. არ უშველა.

ხანმოკლე ეფექტი

რამდენს ამოიღებენ ამჯერად, ჯერ არ აზუსტებენ. SPR-ში ახლა 442,5 მილიონი ბარელია. ბაიდენის გეგმის რეალიზაციის შემდეგ დარჩება 388 მილიონი – მინიმუმი 1984 წლის იანვრიდან, აღნიშნავს ევგენი შატოვი, Capital Lab-ის პარტნიორი. მაგრამ ამას ხანგრძლივი ეფექტი არ ექნება.

„აშშ მარაგის სრულად დახარჯვას არ აპირებს, ამასთან, გათვალისწინებული აქვს ექვსი თვის ლიმიტი, ვინაიდან ვარაუდობდნენ დღე-ღამეში მოპოვების მილიონი ბარელით გაზრდას. თუმცა მოემატა მხოლოდ 0,3 მილიონი, სულ დღეში 12 მილიონამდე“, – განმარტავს ექსპერტი.

ანალიტიკოსები ამბობენ: ნავთობის მსოფლიო ბაზარი ამ მომენტში დაბალანსებულია მოთხოვნილებისა და შეთავაზების მიხედვით. სხვა საქმეა, რომ ფასებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მომავალი ემბარგო. ნედლეული იაფდება რეცესიების მოლოდინში, ასევე ჩინეთში კოვიდის ახალი კერების ფონზე, სადაც ნულოვანი მოთმინების პოლიტიკა კეტავს მთელ რაიონებსა და ქალაქებს. „ნავთობი ივნისიდან, როდესაც ერთი ბარელის ფასმა 127 დოლარიდან ვარდნა დაიწყო, აშკარად დაღმავალ ტრენდშია. სექტემბრის ბოლოსთვის თეორიულად მოსალოდნელი მინიმუმებია, იანვრიდან – 80 დოლარი და ნაკლები“, – აღნიშნავს მიხეილ ოგანეზოვი, Total Research-ის სტრატეგიული კვლევების დეპარტამენტის სპეციალისტი.
ამის მიუხედავად, ნავთობის ემბარგოს პირობებში ჩინეთის გამოსვლა გაჭიანურებული „ლოკდაუნებიდან“ გაზრდის მოხმარებას, შესაბამისად, ფასებსაც. ამერიკული რეზერვები ნაკლებად იმოქმედებს ბაზრის დინამიკაზე.

„სტრატეგიული მარაგების გაყიდვის შემაკავებელი ეფექტი, დიდი ალბათობით, რამდენიმე კვირით შემოიფარგლება“, – ვარაუდობს ანალიტიკოსი კირილ ტაჩენიკოვი.

ერთადერთი, რისი იმედიც ვაშინგტონში შეიძლება ჰქონდეთ, არის ფასების დაგდება ქვეყნის შიგნით. ალბათობა იმისა, რომ კონგრესი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტს სარეზერვო ნავთობის ექსპორტზე გატანას ასეთი ძვირი ბენზინის ფონზე, ძალიან მცირეა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0