საქართველოში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დარჩება

© photo: Sputnikიუსტიციის სახლის შენობა, სადაც ეროვნული ბანკის ოფისიც მდებარეობს
იუსტიციის სახლის შენობა, სადაც ეროვნული ბანკის ოფისიც მდებარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გამკაცრების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.
მარეგულირებლის ცნობით, აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ, წინა თვის მსგავსად, შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და 10,9 პროცენტი შეადგინა.

„სურსათზე მსოფლიო ფასების შემცირების ტენდენციის გათვალისწინებით და წინა წელთან შედარებით გამყარებული ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და სხვა თანაბარ პირობებში მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა ამავე დროს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.

„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან ეროვნულმა ბანკმა არ გამორიცხა, რომ თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0