სააკაშვილი პროცესზე ვერ გამოცხადდა - სხდომა გადაიდო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი სასამართლოს სხდომას ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სასამართლო პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები, სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო 9 ნოემბრისთვის გადაიტანეს.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი, ისე კლინიკა „ვივამედიდან" ცნობა, რომლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილს პროცესზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევს“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა დაუსწრებლად ძალაში დატოვა ამ საქმის ორი სხვა ფიგურანტის – ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ. ადეიშვილი და კეზერაშვილი ძებნაში არიან გამოცხადებული.
2021 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გააუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიიღო.
როგორც მაშინ მოსამართლე ელიეშვილმა განმარტა, სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგანაც სხვა საქმეებზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე იგი უკვე იმყოფება პატიმრობაში.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს – საზღვრის უკანონო კვეთის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეებს.
სააკაშვილის საქმე
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
ამ საქმეზე საქართველოს ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0