მოსაზრება: ევროკავშირი რუსების დასახარისხებლად ემზადება

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
ამ კვირიდან რუსული პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ვიზების მიღების ახალი წესი მოქმედებს. ნახავენ თუ არა რუსები კიოლნს, გაისეირნებენ თუ არა მონმარტრზე და ა.შ. - ამაზე დიდხანს და გულდასმით იმსჯელებენ და კაცმა არ იცის, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
დროა ყველამ გაითავისოს, რომ იმათი აზრით, ვინც ბრიუსელში „პროგრესისა და დემოკრატიის ბედზე“ წუხს, ყოველივე ზემოხსენებულისა და ლეონარდოს მადონებისა და დეგას მოცეკვავეების ხილვა პრივილეგიაა.
ასევე დროა, ყველამ გაითავისოს, რომ თავისუფლად გადაადგილების „პრივილეგიაზე“ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც დილიდან საღამომდე თავისუფლება აკერიათ პირზე.
მაგრამ დღევანდელი ევროპული თავისუფლება - მხოლოდ მათთვისაა, ვინც ევროპელებისთვის „თავისიანია“. ვინც იდეოლოგიურად მათთან ახლოსაა. სხვები კი სახლში უნდა ისხდნენ.
რუსებისთვის შესვლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ავად, ცხოვრობენ ოჯახის წევრებისგან შორს ან სურთ უცხოურ უნივერსიტეტებში განათლების მიღება. სურათი ისეთივეა, როგორიც 60 წლის წინ ევროპული პროპაგანდის მიერ დახატული.
მას შემდეგ სადავეები ოდნავ მოუშვეს, ხელი მოაწერეს ჰელსინკის შეთანხმებას, სადაც გადაადგილების უფლებაზე ყველაფერი მკაფიოდ ჩამოყალიბდა.
შემდეგ, ყველა საელჩოსთან გამგზავრების მსურველთა დემონსტრაციების გათვალისწინებით, შემსვლელებისა და გამომსვლელების რაოდენობა ცოტათი გაზარდეს. ყველა დათქმა, რომელიც დღეს მოიგონეს, ჯერ კიდევ 70-იან წლებში არსებობდა, როდესაც „ოჯახების გაერთიანების“ ლოზუნგით ისრაელსა და აშშ-ში ემიგრაცია დაიწყო.
ყველამ იცოდა მისი ეტაპები - ვინ რომში უნდა წასულიყო, ვინ კვიპროსზე, ვინ ვენაში. სხვათა შორის, სსრკ-იდან გასვლა მაშინაც მიბმული იყო ეკონომიკაზე, სანქციებსა და სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვაზე.
ქვეყანაში შესვლაც და ქვეყნის დატოვებაც „პრივილეგია“ იყო. მაშინაც და დღესაც - პოლიტიკური.
ვიღაც ამ პრივილეგიით სარგებლობდა, ვიღაც - ვერა.
მაგრამ გასულ საუკუნესთან შედარებით, დღევანდელმა ეპოქამ შესწორებები შეიტანა. რუსებმა მოგზაურობა დაიწყეს, დამოუკიდებლად. პასპორტებიდან გაქრა „მეხუთე გრაფა“, კანონმდებლობიდან - გამგზავრების ვიზა.
მსოფლიო გამოჩნდა უფრო ღია, გულწრფელი, სტუმართმოყვარე.
ახლაღა გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარისევლური. მაშინ რუსები კი არ წყვეტდნენ, სად წასულიყვნენ, არამედ ცივილიზებული ევროპელები აძლევდნენ საშუალებას, გადაეწყვიტათ. რადგან მაშინ რუსები მათთან შედარებით ღარიბები (ესე იგი, დამოკიდებულები) და, რაც მთავარია - დამჯერები იყვნენ.
სანქციები, რომლებიც მათ შორის ეხება ფუნდამენტურ თავისუფლებებს - ხომ სასჯელია დაუმორჩილებლობისთვის, დამოუკიდებლობისთვის.
თუმცა როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, აქ მაინც შეიძლება სუსტი ლოგიკის დაჭერა.
მაგრამ შეზღუდვები, რომლებიც წესდება ყველას მიმართ, ვისაც რუსული პასპორტები აქვს, ჩამოგავს არა ლოგიკას, არამედ დახარისხებას.
სოლიდარობასა და თანასწორობაზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების მიუხედავად, ევროკავშირში ადამიანების დახარისხება - ჩვეულებრივი საქმეა. სიკეთესა და ბოროტებაზე ევროპელების წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია.
ჯერჯერობით დახარისხება შეეხება იმათ, ვინც მუდმივად ცხოვრობს რუსეთში.
ევროპაში ყველაფერი, განსაკუთრებით, დახარისხება - თანდათანობით მიმდინარეობს.
შემდეგ მოვა მათი ჯერი, ვინც რუსეთის მოქალაქეობის პარალელურად მიიღო ევროკავშირის ბინადრობის ნებართვა და ამიტომ მუდმივად იმყოფება ევროკავშირში. ამ დოკუმენტის მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება. ან პირიქით. დამოკიდებულია რუსეთის ქცევაზე.
მესამე ეტაპია ისინი, ვისაც აქვს როგორც რუსეთის, ისე ევროპის მოქალაქეობა და ვინც ასევე მუდმივად ცხოვრობს ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ამაზე ბევრი არ ლაპარაკობს, მაგრამ ნატურალიზაციას ანუ პასპორტის მიღებას, მაგალითად, იმავე საფრანგეთში, ზოგჯერ შეიძლება მისი ჩამორთმევაც მოჰყვეს.
მოქალაქეობის დაკარგვა შეიძლება სამ შემთხვევაში: თუ პირს აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, თუ პირი მოქმედებს საფრანგეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ იმ პირველი სახელმწიფოს ინტერესებში, და თუ პირის მოქმედება საფრანგეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
დახარისხება - ნებისმიერი კრიტერიუმით, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს არა თავად ადამიანი, არამედ ხელისუფლება - არის პროცესი, რომლის წამოწყებაც საკმარისია, რათა შემდეგ მექანიკურად გაგრძელდეს.
და ბოლოს. ევროკავშირმა თავისი შეზღუდვებით „დასაჯა“ არა მითიური ივან ივანოვიჩი, არამედ ისინი, ვისაც ევროპის სჯეროდა. გამქრალი ილუზიები ცუდია იმით, რომ მათი დაკარგვა მტკივნეულია, მაგრამ კარგია იმით, რომ ხელს უწყობს რეალობის უკეთ დანახვას. ევროპული რეალობის. არა წარმოსახვითის, არამედ ისეთის, როგორიც ის სინამდვილეშია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0