ეს საქართველოს გადასაწყვეტია - თბილისში უკრაინის რადას დეპუტატს უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველო თავად გადაწყვეტს, როგორ და როდის დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, განაცხადეს ქართველმა პარლამენტარებმა უკრაინის რადას დეპუტატის ფიოდორ ვენისლავსკის განცხადების კომენტირებისას.
უკრაინელმა დეპუტატმა ქართული ოპოზიციური ტელეარხ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი). მისი თქმით, ახლა რუსეთი მთლიანად უკრაინაზეა კონცენტრირებული.
„აქ ორაზროვნება არ არსებობს, აქ არის მოწოდება ომში ჩართვისკენ და მთლიანად გამოხატავს გარკვეული ჯგუფის პოზიცია, რომელიც ზუსტად ეთანხმება იმ პოზიციას, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან გიორგი ვოლსკიმ.
ამასთან, მან დასძინა, რომ „არსებობს გლობალური თამაში, სადაც ყველა ცდილობს იმოქმედოს თავისი ინტერესების შესაბამისად“.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში.
„ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა ძალები დგანან ომის რიტორიკის უკან და სწორედ ამის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ის მოქმედებები, რამაც უზრუნველყო და მომავალშიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე საქართველოს ხელისუფლება „უნდა მუშაობდეს საერთაშორისო არენაზე“ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები.
სხვა ოპოზიციონერებმა გააკრიტიკეს ვენისლავსკი.
„მთელი ჩვენი დიპლომატია აგებულია იმაზე, რომ მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიები... იქ ის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ჩვენს მოქალაქეებად აღვიქვამთ და ამ ხალხის დაბრუნება გვინდა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“.
მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ როგორმე მოუწოდო საქართველოს ამ ტერიტორიებზე იარაღით შესვლისკენ, ომის დაწყებისკენ და ა.შ. „ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“.
იმის შესახებ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი თავად საქართველოს საქმეა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმაც განაცხადა.
„საქართველოს სახელმწიფო თვითონ გადაწყვეტს რა ფორმით, როდის და როგორ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და როდის ექნება ამის საშუალება. ერთ რამეს კიდევ გავიმეორებ, მხოლოდ სამშვიდობო გზით წარმომიდგენია ურთიერთობის გაგრძელება აფხაზებთან და ოსებთან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ყველა ახალი ამბავი
0