„მოქალაქეები“: პოლიტიკოსების შერიგება რთული ამოცანაა

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
ეროვნული შერიგების თვალსაზრისით პრეზიდენტის ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო და ეს პროცესი რთულად მიდის, აცხადებენ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა პოლიტიკოსების შერიგება ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.
გუშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ 2021 წლის დეკემბერში გამოცხადებული ეროვნული თანხმობის მიღწევის ინიციატივა კვლავ ძალაშია და ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს. მისი თქმით, ეროვნული თანხმობა არა მისი ახირება, არამედ ქართული საზოგადოების დაკვეთაა. თუმცა, პრეზიდენტმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ქვეყანაში პოლარიზაციის შესუსტება.

„პრეზიდენტის ინიციატივა კარგია. მას სურს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიკლოს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე არ მჯერა პოლიტიკოსების შერიგების“, – განაცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებთან.

ამ შერიგების უკან დეპუტატი ხედავს პროცესს, რომელიც პოლიტიკაში ურთიერთობის რაღაც სტანდარტს დაამკვიდრებს და პოლიტიკური პარტიები საერთო ინტერესებს იპოვიან.
ოპოზიციონერმა პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლზე ხაზგასმით ისაუბრა.
„პრეზიდენტის პლატფორმა შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დიალოგი დაიწყონ, მაგრამ ხელშესახები შედეგების მიღწევა, თან მოკლე დროში, ძალიან რთული იქნება. თუმცა, მივესალმები ამ ინიციატივას", – განაცხადა იოსელიანმა.
ფაქტი, რომ ეროვნული შერიგების თვალსაზრისით პრეზიდენტის ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო და ეს პროცესი რთულად მიდის, თავის მხრივ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმაც აღნიშნა.
„დღეს ჩვენ ისეთი სიტუაცია გვაქვს, როცა თანხმობაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პრეზიდენტს არ სურს დანებდეს, რამდენადაც ეს არის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც მან ხელი მოჰკიდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. მანამდე ეს სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, ხოლო საქართველოს საკუთარ თავზე მუშაობა დაევალა.
პოლარიზაციის გრადუსი საქართველოში ყოველ არჩევნებთან ერთად იზრდება. ოპოზიციაც და მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც" მუდმივად აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია კონფრონტაციის დასრულება, მაგრამ ურთიერთბრალდებები არ მთავრდება.
ვითარება უკრაინის მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სანქციების დაწესებით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება, მაგრამ საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0