საქართველოს პირველი პირები მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© courtesy of Misha Gomiashviliმიშა გომიაშვილი
მიშა გომიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
მიხეილ გომიაშვილს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ (მიშა) გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის სახელით მიხეილ გომიაშვილის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სამძიმარი გამოუცხადა პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. ის დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
გომიაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.
„ქართულ თეატრსა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი გამოაკლდა. ქართულ კულტურას დააკლდა მისი ნიჭი და ტალანტი. გომიაშვილის სასცენო და კინო როლები სამუდამოდ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში. ვიზიარებ მიშა გომიაშვილის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების დიდ გულისტკივილს", – ნათქვამია კალაძის სამძიმრის წერილში.
მიხეილ გომიაშვილი დაიბადა მსახიობების არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მამის კვალს გაჰყვა და საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა – ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს – რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე.
2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.), იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში: „ჰეფი ენდი“, „კურატორი“, „ყავა და ლუდი“ და სხვ. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0