ხუთი უჩვეულო ფაქტი ელისაბედ II-ის ცხოვრებიდან

© courtesy of The Royal Familyდედოფალი ელისაბედ მეორე
დედოფალი ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
დედოფალი ელისაბედ II ბრიტანეთის სამეფოს რიგით მე-40 მონარქი გახდა მას შემდეგ, რაც 1066 წელს ინგლისის ტახტზე უილიამ დამპყრობელი ავიდა.
ელისაბედ ალექსანდრა მარია — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, გვირგვინი კი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა. წესით, დინასტიის ხაზით მონარქი ელისაბედის ბიძა ედვარდ VIII უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტახტზე უარი ჯერ კიდევ 1936 წელს თქვა.
ამ საინტერესო დეტალის გარდა დედოფალ ელისაბედ II-ის ბიოგრაფია ბევრ უჩვეულო ფაქტს მოიცავს, რომელთაგან რამდენიმეს ქვემოთ გაგაცნობთ.

დედოფალი ორ დაბადების დღეს აღნიშნავდა

ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა, თუმცა ოფიციალურად იუბილეს მხოლოდ ივნისის მეორე შაბათს აღნიშნავდა.
ოფიციალური დღესასწაულების ივნისში გამართვის ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-მ დაამკვიდრა, რომელიც თავად ნოემბერში იყო დაბადებული. და რადგან წელიწადის ამ დროს პომპეზური აღნიშვნისთვის შესაფერისი ამინდები არ იყო ხოლმე, გადაწყდა, დაბადების დღე მოგვიანებით, თბილ სეზონზე გადაეხადა.

ელისაბედს სკოლაში არ უვლია

ელისაბედს ყველაფრის სწავლა სახლში მოუწია. კერძო პედაგოგები მას კონსტიტუციონალიზმის ისტორიას, სამართალს, ფრანგულს, მუსიკას და ა.შ. ასწავლიდნენ.
ამის მიუხედავად დედოფალს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავის დროზე ფორმალური განათლების მიღებას მაინც ისურვებდა.

ელისაბედი და ფილიპი ნათესავები იყვნენ

პრინცი ფილიპი, რომელიც თითქმის 100 წლის გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, ელისაბედს გარე ბიძაშვილად ერგებოდა. ორივე მათგანი დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილის შვილები იყვნენ.
წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა მომავალი დედოფალი მხოლოდ 13 წლის იყო.
ელისაბედმა და ფილიპმა 1947 წლის ნოემბერში იქორწინეს. პრინცესამ საქორწინო კაბისთვის ქსოვილის შესაძენად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შენახული კუპონები გამოიყენა.

დედოფლის გვირგვინს „მოპარული“ ბრილიანტი ამშვენებდა

ბრილიანტი „კოჰინორი“, რაც სპარსულად „სინათლის მთას“ ნიშნავს, მრავალი საუკუნის განმავლობაში ამშვენებდა ჩრდილოეთ ინდოეთის რაჯების თავსაბურავს. მოგვიანებით 186 კარატიანი ალმასი თემურ ლენგის შთამომავლების მფლობელობაში გადავიდა, როდესაც დიდი მოღულების ხელისუფლება მთელ ინდოეთზე გავრცელდა.
ამის შემდეგ „კოჰინორი“ არაერთხელ გადავიდა ხელიდან ხელში, საბოლოოდ კი პენჯაბის მაჰარაჯა რანჯით სინგჰის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ალმასმა ბრიტანეთში გადაინაცვლა.
ინდოეთში დღემდე სჯერათ, რომ მაჰარაჯას „კოჰინორი“ ინგლისელმა კოლონიალისტებმა მოპარეს და ბრიტანეთში წაიღეს.
ასეა თუ ისე, ბრიტანეთში ალმასის დაწახნაგება გადაწყდა, რის შემდეგაც 105,6 კარატიანი ბრილიანტი მიიღეს, რომლითაც დედოფლის გვირგვინი დაამშვენეს.

დედოფალს პასპორტი არ ჰქონდა

სამეფო ოჯახის ოფიციალური საიტის ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთში ყველა პასპორტი მისი აღმატებულების სახელით მზადდება, თავად ელისაბედ მეორეს ამ დოკუმენტის ფლობა არ სჭირდებოდა. რომელიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას საკმარისი იყო ეთქვა: „მე დედოფალი ვარ“.
ამასთან, დედოფალი ერთადერთი პირი იყო მთელ გაერთიანებულ სამეფოში, ვისაც არც მართვის მოწმობის ფლობა არ მოეთხოვებოდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0