როგორ განვითარდება ფეხბურთი საქართველოში - სფფ-ის ახალი გეგმა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსფფ
სფფ - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2022
გამოწერა
ფედერაციას უკვე ჰყავს ლიცენციის მქონე 60-მდე მწვრთნელი, რაც ეროვნულ ჩემპიონატში მწვრთნელებზე მოთხოვნებს გაამკაცრებს, განაცხადა სფფ-ის გენმდივანმა
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. მწვრთნელების მომზადება და ფეხბურთელების რაოდენობის 45 ათასამდე გაზრდა არის ეროვნული ფეხბურთის განვითარების მთავარი მიზანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან თანამშრომლობით, სტრატეგიული განვითარების ოთხწლიანი გეგმა შეიმუშავა. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცავდა ადგილობრივი საფეხბურთო ინდუსტრიის ყველა ძირითად სფეროს. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ამ პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი.
„ჩვენი მიზანი მოთამაშეთა რაოდენობის 45 ათასამდე გაზრდაა. მაგრამ საამისოდ აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რისთვისაც სფფ ბევრს აკეთებს. ჩვენთვის მწვრთნელთა განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. გვაქვს ბედნიერება, რომ საქართველოში პროფ-ლიცენზიის კურსები ჩავატაროთ“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
მისი თქმით, კურსებზე მწვრთნელების მომზადება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უეფას ნებართვით მიმდინარეობს.
სფფ-ის გენმდივანმა აღნიშნა, რომ ფედერაციას უკვე ჰყავს 60-მდე პროფ-ლიცენციის მქონე მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ჩემპიონატში მწვრთნელებზე მოთხოვნები გამკაცრდება.
როგორც მუჯირმა აღნიშნა, ძნელია არ შენიშნო ბოლო წლების პროგრესი, რომელიც ქალთა ფეხბურთსა და ფუტსალს ეხება.
„მოთამაშეთა რაოდენობა 18 ათასიდან 38 ათასამდე გაიზარდა. 120 ფეხბურთელი გოგონა იყო, დღეს 10-ჯერ მეტი გვყავს. ფუტსალის ჩემპიონატში გუნდების შეკრება ჭირდა, ახლა კი ორი ლიგაა და მალე 19-წლამდელთა ჩემპიონატს ჩავატარებთ, რადგან უეფა ამ ასაკის ჩემპიონთა ლიგასაც იწყებს“, - განაცხადა მუჯირმა.
აღმასრულებელმა კომიტეტმა დავით მუჯირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ გენერალურ მდივნად შვიდი წლის წინ - 2015 წლის ოქტომბერში აირჩია. პარალელურად გაიმართა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, სადაც ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0