გამოთვალეთ ნამდვილი ასაკი: პრაქტიკული ტესტი მეცნიერებისგან
19:20 09.09.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© Pixabay / geraltადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან
© Pixabay / geralt
გამოწერა
დაბერება სასიცოცხლო ციკლის გარდაუვალი პროცესია, თუმცა თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარად შედის ასაკში. ერთისა და იმავე წლოვანების ორი ადამიანი შეიძლება იმდენად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მონაცემებით, რომ მათი თანატოლობა ვერც კი დაიჯეროთ.
მეცნიერების აზრით, ადამიანის ნამდვილი წლოვანება — ეს ბიოლოგიური ასაკია, ანუ ტვინისა და კუნთების მდგომარეობა. ამის დასტურად შეიძლება 50–60 წლის „გოგო-ბიჭებისა“ თუ 30 წლის „მოხუცების“ გახსენება, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველა თქვენგანს შეხვედრია.
გაიგეთ თქვენი ბიოლოგიური, ანუ ნამდვილი ასაკი
სპეციალისტებმა შეიმუშავეს რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი პრაქტიკული ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში.
ამისათვის დაგჭირდებათ წამმზომიანი საათი, სახაზავი – 50 სმ სიგრძის, ერთი ადამიანი მცირედი დახმარების გასაწევად და ასევე კალამი და ფურცელი მონაცემების ჩასაწერად, რათა ბოლოს შედეგი გამოთვალოთ.
ტესტი პულსზე (მხოლოდ ჯანმრთელებისთვის)
გაიზომეთ პულსი, შემდეგ კი გააკეთეთ 20 ბუქნი თქვენთვის მისაღები ტემპით. არ იჩქაროთ!
თუ ვარჯიშის შემდეგ თქვენმა პულსმა მოიმატა:
0-10 ერთეულით — თქვენი ასაკი შეესაბამება 20 წლის ახალგაზრდას;
10-20 ერთეულით — 30 წლისას;
20-30 ერთეულით — 40 წლისას;
30-40 ერთეულით — 50 წლისას;
40 ერთეულზე მეტით ან საერთოდ ვერ შეძელით ბუქნების ბოლომდე გაკეთება, მაშინ თქვენი ნამდვილი ასაკი 60 და მეტი წელია.
ტესტი რეაქციაზე
დამხმარემ უნდა დაიჭიროს სახაზავი სიგრძეზე ისე, რომ ნული ქვემოთ მოექცეს. ამ დროს თქვენ ხელი სახაზავზე დაახლოებით 10 სმ-ით ქვემოთ უნდა გქონდეთ გაწვდილი. როგორც კი დამხმარე სახაზავს ხელს გაუშვებს, სცადეთ დაიჭიროთ ის საჩვენებელი და ცერა თითით.
თუ სახაზავი დაიჭირეთ:
20 სმ ნიშნულზე — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 20 წლის ახალგაზრდას შეესაბამება;
ნიშნული 25 სმ შეესაბამება 30 წელს;
35 სმ ნიშნული — 40 წელს;
45 სმ ნიშნული — 60 წელს.
ტესტი მოძრაობაზე
გადაიხარეთ წინ ისე, რომ მუხლები არ მოხაროთ და სცადეთ ხელისგულებით შეეხოთ იატაკს;
თუ ხელისგულებს მთლიანად ადებთ იატაკს — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 20-30 წლებს შორის მერყეობს;
თუ მხოლოდ თითებით შეეხეთ — თქვენ დაახლოებით 40 წლის ხართ;
თუ ხელებს მხოლოდ წვივებამდე აწვდენთ — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 50 წლის ფარგლებშია;
თუ მხოლოდ მუხლებზე შეხება მოახერხეთ — ე.ი. უკვე 60 წლის ბრძანდებით.
ტესტი ბალანსირებაზე
მაგრად დახუჭული თვალებით (ეს მნიშვნელოვანია!) დადექით მარჯვენა ან მარცხენა ფეხზე. მეორე ფეხი იატაკიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრით ასწიეთ. დამხმარემ უნდა დაინიშნოს დრო, რამდენ ხანს შეძლებთ ცალ ფეხზე გაჩერებას.
30 წამი — ნიშნავს 20 წლის ასაკთან შესაბამისობას;
20 წამი — 40 წლის ხართ;
15 წამი — 50 წლის ბრძანდებით;
10 წამზე ნაკლები — რეალურად თქვენ 60 ან მეტი წლის ხართ.
ტესტი კანზე
5 წამის განმავლობაში მოუჭირეთ საჩვენებელი და ცერა თითები კანს ხელის მტევნის ზურგზე. კანი ცოტა გაგითეთრდებათ. დაინიშნეთ, რა დრო დასჭირდება გათეთრებული ლაქის ნორმალურ ფერზე დაბრუნებას.
5 წამი — თქვენი ასაკი დაახლოებით 30 წელია;
8 წამი — დაახლოებით 40 წელი;
10 წამი — დაახლოებით 50 წელი;
15 წამი — დაახლოებით 60 წელი.
ტესტი მოქნილობაზე
გადაიტანეთ ორივე ხელი ზურგს უკან — ერთი ქვემოდან, მეორე — ზემოდან, და სცადეთ თითები ერთმანეთს გადააჭდოთ.
თუ თითები ბოლომდე კარგად ჩაჭიდეთ ერთმანეთს — 20 წლის ხართ;
თუ თითები მხოლოდ შეახეთ ერთმანეთს — 30 წლის;
თუ თითები საერთოდ ვერ შეახეთ ერთმანეთს — 40 წლის;
ხოლო თუ საერთოდაც ვერ გადაიტანეთ ხელები ზურგს უკან — თქვენი ასაკი 60 წელს შეესაბამება.
გამოთვალეთ შედეგი
ყველა ამ ტესტის დასრულების შემდეგ შეკრიბეთ ქულები და მათი ჯამი გაყავით 6-ზე.
მიღებული საშუალო არითმეტიკული იქნება კიდეც თქვენი ნამდვილი, ანუ ბიოლოგიური ასაკის ამსახველი რიცხვი.