საქართველოს პირველმა პირებმა ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს

© AP Photo / Steve Parsonsელისაბედ მეორე
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
ელისაბედ II 96 წლის ასაკში ბალმორალის სასახლეში დღეს გარდაიცვალა.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, მთავრობას და ხალხს დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს.
ელისაბედ II 96 წლის ასაკში ბალმორალის სასახლეში დღეს გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა, რომელიც 10 დღეს, დედოფლის დაკრძალვამდე გაგრძელდება.

„მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება“, – დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ში.

სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ის ფიქრებითა და ლოცვებით სამეფო ოჯახის გვერდით არის.
„მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა ელისაბედ მეორემ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა საკუთარ ხალხს, მის ერსა და ერთა თანამეგობრობას. ის იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი, რითაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და ხალხს სამძიმარი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც გამოუცხადა.
„განსაკუთრებულ პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად, ის იყო მონარქი, რომელიც ისტორიას 70-ზე მეტი წლის განმავლობაში აყალიბებდა. მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა კიდევ მრავალ ათწლეულს განსაზღვრავს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე.
ელისაბედ II – მეფე ჯორჯ VI-ის და ლედი ელიზაბეტ ბოუს-ლიონის უფროსი ქალიშვილი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში. 1936 წელს, მამის ტახტზე ასვლის შემდეგ ელისაბედი ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრე გახდა.
1947 წელს შედგა ელისაბედისა და საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპის ქორწილი, რომელმაც უარი თქვა ყველა სხვა ტიტულზე, მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და ედინბურგის ჰერცოგის ტიტული. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჩარლზი, უელსის პრინცი, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი და პრინცი ედვარდი, უესექსის გრაფი.
1952 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედ II გახდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მმართველი და თავად თანამეგობრობის მეთაური, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მომდევნო მონარქი მისი ვაჟი ჩარლზი, უელსის პრინცი იქნება. მას წელს 74 წელი უსრულდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0