მოსაზრება: რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერება ახალ მსოფლიო წესრიგს მოიტანს

© photo: Sputnik / ALexey Danichev
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის მთავარი შედეგი იქნება რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერება, განაცხადა ვლადივოსტოკში ვლადიმირ პუტინმა. „დიახ, რასაკვირველია, მიმდინარეობს გარკვეული პოლარიზაცია - მსოფლიოშიც და ქვეყნის შიგნითაც. ვფიქრობ, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება, ვინაიდან ყველაფერი არასაჭირო, საზიანო და ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გვიშლის, მოგვშორდება. მოვუმატებთ განვითარების ტემპებს, რადგან თანამედროვე განვითარება მხოლოდ სუვერენიტეტს შეიძლება დაეფუძნოს. ყველა ჩვენი ნაბიჯი სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული“.
პრეზიდენტის ეს სიტყვები, წარმოთქმული აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, შეიძლება დადასტურდეს ფოტოთი თავად ამ ღონისძიებიდან.
პუტინის მარჯვნივ იჯდა გენერალი მინ აუნ ჰლაინი - მიანმის სახელმწიფო ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე და მისი შეიარაღებული ძალების სარდალი. ფორუმის საპატიო სტუმარი სახელმწიფოს მეთაურია - განა რუსეთის პრეზიდენტის გვერდით მისი ადგილი აბსოლუტურად ბუნებრივი არ არის? მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.
გენერალი მიანმის სათავეში გასული წლის თებერვალში მოვიდა, როდესაც ისარგებლა ადგილობრივი კონსტიტუციის თავისებურებით, რომლის თანახმად, ჯარი სახელმწიფოს ერთიანობის გარანტიაა: მინმა ხელისუფლებიდან გადააყენა სახელმწიფოს დამფუძნებლის ქალიშვილი აუნ სან სუ ჯი (მისმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა) და მიზეზად დაასახელა დარღვევები კენჭისყრის დროს. ამის შემდეგ დასავლეთისა და ASEAN-ის ქვეყნების ერთმა ნაწილმა არ ცნო ახალი ხელისუფლება და მოითხოვა სუ ჯისა და მისი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება. გადაყენებული პოლიტიკოსების თანამებრძოლებმა თავიანთი მთავრობაც კი შექმნეს (იატაკქვეშა და განდევნილი), მათმა მხარდამჭერებმა კი დაიწყეს იმათი ხოცვა, ვინც „ხუნტაზე მუშაობდა“ - საუბარია ათასობით მოკლულზე. სამხედროებსაც არ დაუხევიათ უკან ოპოზიციასთან დაპირისპირებაში, მაგრამ საჭიროა იმის ცოდნა, რომ დამოუკიდებელი მიანმის 75-წლიანი ისტორია - ესაა მუდმივი ბრძოლა ცენტრალური ხელისუფლებისა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისთვის. არა პოლიტიკური ერთიანობის, არამედ თუნდაც ტერიტორიულის.
რადგან მიანმა (რომელიც ბრიტანული კოლონიის ინდოეთის ნაწილი იყო) შედგება რამდენიმე ხალხისგან, რომელთა ნაწილი არასდროს არ ცნობდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მეტიც, ათწლეულებია პროვინციების ერთ ნაწილში მიმდინარეობს პარტიზანული ომები და მთავრობა ვერასდროს ვერ აკონტროლებდა ქვეყნის მთელ ტერიტორიას. მსგავს პირობებში ძალაუფლებისთვის პარტიათშორისი და პოლიტიკური ბრძოლა ვერ ერგებოდა სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებას. ამიტომ არაფერია გასაკვირი, რომ მიანმას მისი დამოუკიდებლობის თითქმის მთელ პერიოდში მართავდნენ სამხედროები, გარდა 2015 წლის და 50-იანი წლებისა. ამ დროს იყო ყველაფერი: სოციალიზმის საკუთარი ვერსიის მშენებლობა და სსრკ-თან მეგობრობა, კაპიტალიზმზე გადასვლა, მრავალპარტიულობა.
შვიდი წლის წინ სწორედ გენერალმა მინ აუნ ჰალინმა გადასცა ხელისუფლება სამოქალაქო პირებს - იმავე სუ ჯის, რომელიც შარშან თავადვე გადააყენა. მაგრამ მიანმის ეს საშინაო საქმეები მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, როგორ მყარდება რუსეთის სუვერენიტეტი.
გენერალი რუსეთში პირველად არ ჩადის. ის ნამყოფია მოსკოვსა და რეგიონებში. ბოლოს - ორი თვის წინ. ახლანდელი შეხვედრა ვლადივოსტოკში - მისი პირველი ოფიციალური შეხვედრაა პუტინთან.
მიუხედავად მიანმის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა, რუსეთს არ სურდა მის ახლა უკვე რეალურ მმართველთან კავშირების აფიშირება. მინი ხვდებოდა შოიგუს, პატრუშევს, ლავროვს, მაგრამ ფორმალურად რუსეთი დისტანციას ინარჩუნებდა. მაგრამ შარშანდელი გადატრიალების შემდეგ რუსეთმა ჩინეთთან ერთად ახალ ხელისუფლებას დიპლომატიური მხარდაჭერაც აღმოუჩინა და გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე დაბლოკა ყველა მცდელობა რეზოლუციის მიღებისა, რომელიც გადატრიალებას დაგმობდა და მიანმის მთავრობას არალეგიტიმურად ცნობდა.
მაგრამ ახლა რუსეთი აღარ დაუტოვებს დასავლეთს საერთაშორისო სამართლის განმარტების უფლებას. ადრე რუსეთი ცდილობდა ანგარიში გაეწია დასავლური „წესრიგისთვის, რომელიც წესებს ეფუძნებოდა“. ბოლო წლებში დასავლეთში სულ უფრო მოუხშირეს ამ ტერმინის გამოყენებას იმის აღსანიშნად, რასაც ადრე „ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს“ უწოდებდნენ, რუსეთი კი „ანგლოსაქსების გლობალისტურ პროექტად“ მოიხსენიებს. ბრძოლით მის შესანარჩუნებლად ატლანტისტები ცდილობდნენ იმის შენარჩუნებას, რასაც ოთხშაბათს პუტინმა უწოდა „გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში აშშ-ის წარმავალი დომინირება“.
„დასავლეთის ქვეყნები ისწრაფვიან შეინარჩუნონ წინანდელი, მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი მსოფლიო წესრიგი, აიძულონ ყველა, იცხოვრონ მათი წესებით, რომლებიც თავად გამოიგონეს, თავად არღვევენ რეგულარულად, მუდმივად ირგებენ მიმდინარე კონიუნქტურის მიხედვით. ამასთან, თუ სხვა ქვეყნებს არ სურთ დაემორჩილონ ასეთ დიქტატს და თვითნებობას, აიძულებს დასავლურ ელიტებს, მიიღონ არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებები - როგორც მსოფლიო უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებს, მათ შორის, თვით დასავლეთის სამსახურების მოქალაქეთა ინტერესებსაც“.
ასეთ ქვეყნებზე ზეწოლა ყოველთვის იყო, მაგრამ რუსეთი ამას პირისპირ 2014 წელს შეეჯახა, წელს კი საკუთარ ტყავზეც იგრძნო. დასავლეთმა რუსეთი „გარიყულ ქვეყნად“ გამოაცხადა. მსგავს სიტუაციაში ადრე აღმოჩენილან ერაყი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ვენესუელა, სუდანი და სირია, მიანმაც. მართალია, ადრე რუსეთი არ წყვეტდა მასთან ურთიერთობას, მაინც იძულებული იყო, ანგარიში გაეწია დასავლეთის პოზიციისთვის. ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეისა და სუდანის შემთხვევაში, რომლებიც დასავლეთმა ასევე „გარიყულებად“ გამოაცხადა.
24 თებერვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: რუსეთს აღარ დარჩა მიზეზი ალიანსელებთან დიპლომატიური თამაშის გასაგრძელებლად. ეს ქვეყანას არა მხოლოდ არადასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას უხსნის, არამედ ყველას აჩვენებს, რომ რუსეთი სრული დამოუკიდებლობის გზაზეა, რომ გეოპოლიტიკურ სტრატეგიას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს. ეს ინტერესები აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენაა მიმართული. ხოლო მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ისტორიული არჩევანი გააკეთა რუსეთთან კონფრონტაციის სასარგებლოდ, რუსეთს შეუძლია პირდაპირ განაცხადოს, რომ მის ინტერესს წარმოადგენს ერთიანი დასავლეთის დასუსტება და დაყოფა.
ფორუმზე პუტინმა კვლავაც განაცხადა:
„მრავალპოლარულობასა და მშვიდობაზე წარმოდგენა ასეთია, რომ მსოფლიო უნდა იყოს გაცილებით სამართლიანი, მსოფლიო არ უნდა ეფუძნებოდეს ერთი ქვეყნის დიქტატს, რომელმაც თავი მამა ღმერთად წარმოიდგინა და მთელ თავის პოლიტიკას თავის განსაკუთრებულობაზე აფუძნებს.
საჭიროა სხვა ქვეყნების ინტერესების პატივისცემა, მათდამი თანასწორობის პრინციპებზე ურთიერთობა, განურჩევლად ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიის სიდიდისა, მშპ-ის მოცულობისა თუ თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი ჯარის ყოლისა. საჭიროა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და არა რაღაც წესებით, რომლებსაც ვიღაც თავისთვის იგონებს.
სწორედ ესაა სამართლიანობა, ესაა მსოფლიო წესრიგის სტაბილურობა. ყოველთვის ამით ვხელმძღვანელობდით, მომავალშიც ასე იქნება და ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის. და ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მზად ვართ ამ პირობებში ნებისმიერ სახელმწიფოსთან ვითანამშრომლოთ, რომელსაც ეს სურს. და ამას გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ყველაფერი სწორედ ასე იქნება, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება“.
დამოუკიდებლად ურთიერთობის დამყარება ყველასთან, ვისაც ეს უნდა, განურჩევლად იმისა, როგორ უყურებენ ამას „წესების შემქმნელები“ - ამას ჰქვია სუვერენიტეტის გამყარება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0