მიმოხილვა: როგორ მიმდინარეობს ვოლნოვახას აღდგენა

© photo: Sputnik / Alexey Stefanov
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
ალექსი სტეფანოვი
კორესპონდენტი ალექსი სტეფანოვი ეწვია ქალაქ ვოლნოვახას, რომლის საცხოვრებელი ფონდის 85% დაინგრა, სოციალური ობიექტები კი - საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და კულტურის სახლები სრულად განადგურდა.

აქ ადამიანები ცხოვრობდნენ

თვალში საცემია ავტობუსის გაჩერებები რუსული დროშის ფერებში, დასახლებულ პუნქტებში კი გამოფენილია დონეცკისა და რუსეთის დროშები.
დონეცკის შემდეგ, სადაც ბევრი დანგრეული სახლია, მაგრამ ქუჩებში სიცოცხლე დუღს, ვოლნოვახა ჩამკვდარს ჰგავს. გზის ორივე მხარეს დანგრეული კერძო და მრავალბინიანი სახლები, ჭურვებით გახლეჩილი ხეებია.
აი, პრაქტიკულად განადგურებული სახლი, რომელსაც აწერია: „ბავშვები“, მეორეს - „აქ ცხოვრობენ ადამიანები“. თუმცა უკვე აღარ ცხოვრობენ. ცხოვრობდნენ.

წლის ბოლომდე საავადმყოფო მზად იქნება

ვუახლოვდებით დიდ მშენებლობას, სადაც ერთბაშად რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. მშენებლები რამდენიმე კორპუსს ერთდროულად აპირკეთებენ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშა ფრიალებს და დგას სპეცრაზმ „ახმატის“ მებრძოლი - მშენებლობა დაცულია.
„ჩვენი საავადმყოფო 10 კორპუსისგან შედგება. საბრძოლო მოქმედებების დასასრულისთვის ის მთლიანად დაინგრა, მხოლოდ გარეთა კედლები დარჩა. ახლა სამუშაოების დაწყებიდან ორნახევარი თვეა გასული, სრულდება უკვე ცხრა კორპუსი, ერთი ტექნიკურ რეჟიმში მუშაობს“, – ამბობს საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა პანასენკო.
„ორი კორპუსი მთლიანად დავანგრიეთ, მათი აღდგენა შეუძლებელი იყო. ახლა ამ ადგილზე ახალი შენობები აიგება. იქნება ფლუოროგრაფია, მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე ინფექციური კაბინები და სხვ.
ჩაბარების თარიღი, როგორც იამალი-ნენეცის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომელიც მშენებლობას კურირებს, 2022 წლის 31 დეკემბერია. წლის ბოლომდე საავადმყოფოს გასაღები უნდა გადმოგვცენ“, – ამბობს ირინა პანასენკო.

ყველა მცხოვრებს უკან ველოდებით

მომდევნო შეხვედრა - ვოლნოვახას სოციალურ საკითხთა ხელმძღვანელის მოადგილე ელენა სლესარენკოსთანაა.
„დაკავებული ვარ რამდენიმე სფეროს – მედიცინის, განათლების, კულტურის აღდგენით. ყველა სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტი მაქსიმალურად დაინგრა. მადლობა ჩვენს ძმებს, რომლებიც ამ ყველაფრის აღდგენაში გვეხმარებიან. გვეხმარებიან იამალი-ნენეცის ავტონომიური ოლქი, როსტოვისა და ჩელაბინსკის ოლქები, მოსკოვი, მაგნიტოგორსკი“, – ამბობს იგი.
„ჩვენს ყველა მცხოვრებს, რომელიც გაემგზავრა, უკან ველოდებით. ვფიქრობ, დაბრუნდებიან. სპეციალისტები, რომლებითაც ვოლნოვახა და ვოლნოვახას რაიონი ამაყობდა, ისევე იმუშავებენ, როგორც საბრძოლო მოქმედებებამდე“, – დარწმუნებით ამბობს ელენა სლესარენკო.
და დასძენს, რომ ხალხი უკვე ბრუნდება, აფორმებს პენსიებს, ემზადებიან ბავშვების სკოლებში გასაშვებად.

რუსული სტანდარტებით

ვოლნოვახას სკოლის ირგვლივ მუშაობა ჩქეფს – იგება ტროტუარები, მზადდება სავალი ნაწილი, სპორტული მოედანი, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა.
შენობა თითქმის მზადაა: სასადილოში უკვე განთავსებულია ტექნიკა, კაბინეტებში მერხები და სკამები... შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ერთი დღეა დარჩენილი.
„ვოლნოვახაში შვიდი სკოლიდან მხოლოდ სამი დარჩა. ეს ერთ-ერთი მათგანია. ის 960 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სწავლა ორ ცვლაშია, ადგილი ყველა ბავშვს ეყოფა“, – ამბობს ვოლნოვახას რაიონის განათლების სამმათველოს უფროსი ნადეჟდა ზაიჩენკო.
მისი თქმით, 2020 წელს რაიონის სკოლებში 4 ათასზე მეტი მოსწავლე იყო, ახლა 2 ათასიღაა. მაგრამ პერსპექტივა საიმედოა.
„ახლა განათლების რუსულ სტანდარტებზე გადავდივართ, ვადა - ხუთი წელია, მაგრამ, ვფიქრობ, ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ“, – აღნიშნავს ზაიჩენკო. ამ ფაქტით კოლეგები ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებით ინტერესდებიან .
„მშობლებისთვის მისაღებია სწავლება რუსულ ენაზე, ჩვენთვისაც“, – პასუხობს ზაიჩენკო უცხოელ ჟურნალისტებს.
ამაზე ვოლნოვახას ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ მხარეში ყოველთვის ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც რუსული მშობლიური იყო. მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ბოლო წლებში ცდილობდა ვოლნოვახას რაიონის მცხოვრებთა გადაკეთებას. ხალხი დიდხანს ითმენდა, მაგრამ ნებისმიერ მოთმინებას საზღვარი აქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0