მიყურადება - კონტროლი თუ დანაშაულთან ბრძოლა? დეპუტატის განმარტება

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკში კომპიუტერი
 კომპიუტერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ და აშშ-ის საელჩომ.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ფარული თვალთვალისა და მიყურადების ახალი წესები არ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს და მათი მიზანი დანაშაულთან უფრო ეფექტური ბრძოლაა, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ და აშშ-ის საელჩომ.

„ეს ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ, დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომლებიც, განსაკუთრებით, დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას მომეტებულ საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ცვლილებები საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის ჩადენის თანამედროვე მეთოდებთან ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიან სამართლებრივ შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული ცვლილებები საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება, დასძინა დეპუტატმა.
სიახლე შეეხება ისეთი სახის დანაშაულებს, როგორიცაა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა, ოჯახის წევრის მკვლელობა; არასრულწლოვანის ან შშმ პირის მკვლელობა; ორი ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით; შეკვეთით ან ანგარებით მკვლელობა; ტრეფიკინგი და არასრულწლოვანით ვაჭრობა, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერა, წამების მუქარა, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება; ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
პარლამენტის სპიკერი: მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ აქვთ>>>
„აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებით სრულად არის შენარჩუნებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2014 წელს გატარებული რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედების დასაბუთების უმაღლესი სტანდარტი იქნა შემოტანილი საქართველოს კანონმდებლობაში, რაც 2014 წელს პოზიტიურად შეაფასა ევროსაბჭომ და არაერთმა საერთაშორისო ექსპერტმა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ფარული საგამოძიებო მოქმედება ნებადართულია პროკურორის მოტივირებული დასაბუთებით და სასამართლოს ასევე დასაბუთებული გადაწყვეტილებით მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განახორციელებს.
ოხანაშვილმა სინანულით აღნიშნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს კრიტიკული განცხადება.

„მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მთავრობას მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდა. აღმოჩნდა, რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა მოქალაქეების კონტროლს ნიშნავს“, - ირონიით განაცხადა დეპუტატმა.

„სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ასეთი განცხადებები რადიკალურ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტ საბაბს აძლევს რადიკალიზაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებული შესწორებები 7 ივნისს შევიდა, თუმცა მას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება.
პარლამენტისთვის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მიღებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შესწორებების მიღების პროცესი იყო დაჩქარებული და არაინკლუზიური.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაძლია და კანონპროექტი მიიღო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0