კახეთის რეგიონში 25 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

© photo: Sputnikრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. კახეთში „რთველი 2022“-ის ფარგლებში ყურძენი უკვე 1,7 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მოსავლის რეალიზაციის შედეგად ფერმერების შემოსავალმა 18 მლნ ლარს მიაღწია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
9 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 25 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან 9,1 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 10,8 ათას ტონამდე „საფერავი“, 2,1 ათას ტონამდე „კახური მწვანე“. დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
კახეთში ყურძნის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

„ამ დროისათვის რთველი აქტიურ ფაზაშია ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები კი ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ჩვენი ამოცანაა მევენახებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყურძნის ჩაბარების პროცესში. რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული იმისთვის, რომ რთველი შეფერხებების გარეშე წარიმართოს“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0