ლილუაშვილი: სუსმა თავსატეხებსა და პრობლემებს ჯეროვნად გაართვა თავი

© State Security Service of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ხშირად საჯარო სივრცეში ისმის კითხვები კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ამ ინფორმაციაზე დიდი მოთხოვნაა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს სუსის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, გასული წელი დატვირთული იყო ქვეყანაში სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და საფრთხეებით, რასაც უწყებამ ჯეროვნად გაართვა თავი.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით 2021 წელი დატვირთული იყო სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებით და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით. <...> ამან, რა თქმა უნდა, დამატებითი გამოწვევები შეუქმნა კონტრდაზვერვითი საქმიანობის სფეროს და ჩვენს სამსახურს მისცა დამატებითი თავსატეხები, გადასაჭრელი პრობლემები. ვფიქრობ, სამსახურმა ამას ჯეროვნად გაართვა თავი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

როგორც სუსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში სამსახური უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიულ ვითარებას, მოპოვებულ ინფორმაციაზე კი ეფექტურად რეაგირებდა.
„მიმდინარე წელს სამსახურის მიერ გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები. მათი სადაზვერვო საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების იდენტიფიცირების მიზნით აქტიურად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირებისა და ჯგუფების გამოვლენა და დადგენა. მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა“, — აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისი განმარტებით, სწორედ სუსის საქმიანობის შედეგი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში „დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა“ ქვეყანა დატოვეს, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები გაძლიერდა, რათა მათ საქართველოში შემოსვლა შეზღუდვოდათ.
ლილუაშვილმა ასავე აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი — მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები.
ყველა ახალი ამბავი
0