მოსაზრება: რა ელის დასავლეთს რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესების შემდეგ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
ე.წ. „დიდი შვიდიანის“ ქვეყნები (G7 - აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და იაპონია) რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ.

არც თავისთვის და არც ხალხისთვის

გასულ პარასკევს G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დისტანციურ სამიტზე რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესებაზე შეთანხმდნენ. მესამე ქვეყნების უარის შემთხვევაში, მხარი დაუჭირონ ამ ფასებს, დასავლეთი იმუქრება, რომ თავის ოპერატორებს აუკრძალავს ამ ქვეყნებში რუსული ნავთობის ტრანზიტსა და დაზღვევას.
დასავლეთი ფიქრობს: ან მთელი მსოფლიო თანხმდება ზღვრულ ფასად რუსული ნავთობის შეძენაზე, ან კოლექტიური დასავლეთი აუკრძალავს თავის კომპანიებს, დააზღვიონ და გაიტანონ „შავი ოქრო“ რუსეთიდან.
ზედა ზღვარი G7-ის ქვეყნების განცხადებაში მითითებული არ არის. აღნიშნულია მხოლოდ, რომ ის დაეფუძნება ტექნიკურ მონაცემებს და აუცილებლობის შემთხვევაში შესწორდება. ავტორიტეტული საერთაშორისო სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასი შემოიფარგლება 40-60 დოლარით.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, Urals-ის საშუალო ფასი აგვისტოში შეადგენდა 74,73 დოლარს, Brent-ის ფასი – 97,5 დოლარს. ტრადიციულად, ნაკლებ ფასად იყიდება ხოლმე Brent შედარებით მაღალი სიმკვრივისა და გოგირდის შემცველობის გამო. ადრე ეს ფასდაკლება 1-2 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ახლა, ლოგისტიკური სირთულეებისა და ზოგიერთი იმპორტიორის უარის გამო, შეიძინოს რუსული ნავთობი, ის დაახლოებით 23%-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბიუჯეტი გათვლილია პარამეტრზე: ერთი ბარელი ნავთობის ფასი – 44,2 დოლარი. ამიტომ ასეთი მაღალი ფასდაკლების პირობებშიც კი რუსეთი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან ზემოგებას ნახულობს.

დაუჭერს თუ არა მხარს „შვიდეულს“ დანარჩენი მსოფლიო?

ზღვრული ფასების დაწესებამ რომ იმუშაოს, აუცილებელია მას მხარი მთელმა მსოფლიომ დაუჭიროს, განსაკუთრებით, ინდოეთმა და ჩინეთმა, რომლებიც დღეს რუსული „შავი ოქროს“ ძირითადი იმპორტიორები არიან.
ეს დასავლეთშიც ესმით. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა უკვე განაცხადა, რომ ეს თემა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ლიუ ჰესთან განიხილა და ამ უკანასკნელმა აღნიშნული მიმართულებით კონტაქტის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა.
თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დღეებში საჯაროდ გამოვიდა G7-ის გადაწყვეტილების წინააღმდეგ და „შვიდეულის“ სახელმწიფოებს პოზიციების გადახედვა მოსთხოვა.
Economic Times-ის მონაცემებით, არც ინდოეთის ხელისუფლებაა აღფრთოვანებული ამ ინიციატივით. ინდოელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაზარზე რუსული ნავთობის ალტერნატიული გამყიდველების (ირანი და ვენესუელა) გამოჩენის შემდეგაც კი შეზღუდვების განხილვაზე საუბარი ზედმეტია.
აღსანიშნავია, რომ ირანიდან და ვენესუელიდან, დასავლეთის მიერ მათთვის დაწესებული სანქციების გამო, მეტად შეზღუდული ან პრაქტიკულად შეუძლებელია ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე.
ღია წყაროებში ბოლო დროს რეგულარულად ფიგურირებს ინფორმაცია აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებებზე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის აღდგენის თაობაზე, რომელიც თეირანს საშუალებას მისცემს, განაახლოს ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე.
მაგრამ თუ ბაზარზე ირანული ნავთობი გამოჩნდება, ნაკლებ მოსალოდნელია, OPEC+-ის ქვეყნები ამას მიესალმონ. მაგალითად, ამას წინათ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულ-აზიზ ბენ სალმანმა მიანიშნა, რომ კარტელმა ნავთობის ბაზრებზე ფასების მაღალი ცვალებადობის საპასუხოდ შეიძლება მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს.
თუ რუსული „შავი ოქრო“ $40 ეღირება, ხოლო არაბული - $100, ნავთობის შესაძენად ყველა რუსეთში გაიქცევა და საუდის არაბეთი იძულებული იქნება, ან თავისი საქონლის ფასი შეამციროს, ან დაკარგავს ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს.
ეს არავისთვისაა ხელსაყრელი. ამიტომ სავსებით ნათელია, რომ ბაზარი რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესების იდეას არ მიიღებს.
ამასთან, ისიც გასარკვევია, იმოქმედებს თუ არა ირანი რუსეთის საზიანოდ მაშინ, როცა ნავთობის დეფიციტის პირობებში ერთმანეთთან კონკურენციის ნაცვლად ქვეყნებმა შეიძლება უბრალოდ „გაცვალონ ბაზრები“ და არანაკლები გამოიმუშაონ.

არასასიამოვნო, მაგრამ არაკრიტიკული

რა ელის იმ ქვეყნებს, რომლებიც ზღვრული ფასების დაწესების ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ? როგორც ითქვა, დასავლელ ოპერატორებს ამ ქვეყნებში ნავთობის დაზღვევასა და ტრანსპორტირებას აუკრძალავენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ხომალდების 90-95% დაზღვეულია ლონდონის ასოციაციის International Group of P&I Clubs მეშვეობით.
თუმცა არსებობს პარალელური, დასავლურ კომპანიებში დაუზღვეველი ფლოტიც, რომელსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება რუსული ნავთობის გადაზიდვაში. გარდა ამისა, ჩინეთი და ინდოეთი სარგებლობენ „რუსული ნაციონალური გადამზღვევი კომპანიის“ სახელმწიფო დაზღვევით, უზრუნველყოფენ გემებს უსაფრთხოების სერტიფიკატით.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ მყიდველებთან ერთად პოულობს ევროპული დაზღვევის ბაზრის ალტერნატივას.
რასაკვირველია, გარკვეული ეფექტი დაზღვევის აკრძალვის გამო რუსული ნავთობის მიწოდების შემცირების გამო სავსებით მოსალოდნელია. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნავთობის ბაზარზე მიწოდების შემცირებას შეიძლება ფასების ძლიერი ზრდა მოჰყვეს.
ეს ნიშნავს, რომ შედეგად მივიღებთ ბოლო თვეების განმავლობაში გაზის ბაზარზე შექმნილი ვითარების ანალოგიურ სიტუაციას: ბაზარზე მეტად მწირია თავისუფალი ნედლეული, ფასები ძალიან მაღალია, რის შედეგადაც რუსეთი ნაკლებს ყიდის, მაგრამ გაცილებით მეტ მოგებას ნახულობს.
ნავთობზე ზღვრული ფასები ევროკავშირის ადრე მიღებულ სანქციებთან ერთად უნდა ამოქმედდეს: 5 დეკემბრიდან – ნედლ ნავთობზე, 5 თებერვლიდან – გადამუშავებულ პროდუქციაზე.

რუსეთის პასუხი უბრალოა

დასავლეთში, კერძოდ, შეერთებულ შტატებში ესმით, რომ რუსული ნავთობის გარეშე ბაზარი ვერ გაძლებს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა, მაგალითად, განაცხადა, რომ უნდა დაწესდეს რუსული „შავი ოქროს“ ისეთი ზღვრული ფასი, რომ რუსეთისთვის ხელსაყრელი იყოს მისი მოპოვება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი უბრალოდ შეუწყვეტს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას იმ ქვეყნებს, რომლებიც ზღვრულ ფასებს დააწესებენ. „ჩვენ არ ვიმუშავებთ არასაბაზრო პირობებში“, – აღნიშნა მან.
დასავლეთმა, როგორც ჩანს, დაივიწყა ისტორიული გაკვეთილები, როდესაც ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება იწვევდა ფასების მკვეთრ მატებას, დეფიციტს ბაზრებზე და ენერგეტიკულ კრიზისებს. მაგრამ ამ ყველაფერს მათ შეახსენებს ფასების მოსალოდნელი ნახტომი – ერთი ბარელი ნავთობის ღირებულების სამომავლო პროგნოზები $350-400-ს აღწევს.
ამაზე ამერიკულ ბანკ J.P. Morgan Chase & Co-შიც საუბრობენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ანტისაბაზრო ნაბიჯზე საპასუხოდ მოპოვებას შეამცირებს.
თუ რუსეთი მოპოვებას დღე-ღამეში 3 მლნ ბარელით შეამცირებს, ერთი ბარელი ნავთობის ფასი $190-მდე ავარდება. როგორც ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთს შეუძლია თავს უფლება მისცეს, ეკონომიკის ძლიერ დაზიანების გარეშე შეამციროს მოპოვება 5 მლნ ბარელით დღე-ღამეში.

ენერგოკრიზისის გაღრმავება

როგორც ჩანს, ნავთობთან დაკავშირებული სიტუაცია გაზისას დაემსგავსება: სიძვირე, ბაზარზე საწვავის დეფიციტი, ევროპაში დახურული ქარხნები, მაღალი გადასახადები, პანიკა და სხვ.
ევროკომისია გუშინ რუსულ გაზზეც ზღვრული ფასის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. როგორც ცნობილია, ადრე ნორვეგიამ არ დაუჭირა მხარი გაზზე ფასების ნებაყოფლობით შემცირებას – ხელისუფლებას არ სურს ბიზნესს თავს მოახვიოს საბაზროზე დაბალი ფასები ევროპელი პარტნიორების ხათრითაც კი. რატომ ფიქრობს ევროპა, რომ ამ იდეას რუსეთი დათანხმდება – გამოცანად რჩება.
რუსეთმა ხომ შეწყვიტა გაზის მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით ტექნიკური გაუმართაობისა და სანქციების გამო შეკეთების შეუძლებლობის გამო.
ეს ნიშნავს, რომ უკრაინის გავლით ტრანზიტი თუ არ ჩაითვლება, ევროპაში გაზის მიწოდება პრაქტიკულად შეწყვეტილია. შედეგად: ათასი კუბომეტრი გაზის ფასი 2,2 ათასი დოლარია, ხოლო ექსპერტების პროგნოზით, ზამთარში შეიძლება $4 ათასს მიაღწიოს. ახლა მოსალოდნელია მსგავსი ისტორიის გამეორება ნავთობის ბაზარზეც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0