სახალხო დამცველის არჩევა - კანონპროექტში ცვლილებები შევიდა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებს ეხება, კორექტივები შევიდა.
კანონმდებლებმა რეგლამენტში ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, რომელსაც მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
კანონპროექტის პირვანდელი ვერსიით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნებოდა ცხრაკაციანი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უნდა შესულიყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, პირველი მოსმენით განხილვისას სამი საკითხი გამოიკვეთა.
დეპუტატის განმარტებით, გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია აღნიშნული საკითხები განისაზღვროს არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ტექსტში, არამედ აისახოს რეგლამენტში.

„ერთ-ერთი საკითხი ეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც იქმნება შეფასების მიზნით და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ მათ არ ექნებათ ვინმეს დისკვალიფიკაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, იქნება ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც წარმოდგენილი განაცხადი არ შეფასდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ კანონთან არსებობს წინააღმდეგობა. მაგალითად, არ შეიძლება ერთი კანდიდატის ორჯერ წარდგენა.
„სახალხო დამცველად რომ აირჩეს პირი, აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ასევე არ შეიძლება მოქმედი სახალხო დამცველის წარდგენა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის არჩევა - ლომჯარიამ კანონპროექტი გააკრიტიკა>>>
მეორე საკითხი, რაზეც შეთანხმება იქნა მიღწეული, არის ის, რომ უფლებამოსილმა სუბიექტებმა კანდიდატურები წარდგენისთვის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან უნდა შეარჩიონ.
„ეს წესიც რეგლამენტით განისაზღვრება. ასევე განისაზღვრება, რომ სამუშაო ჯგუფი 9 წევრისგან შედგება. მესამე საკითხი უკავშირდება კონსულტაციების გამართვის საჭიროებას, ვიდრე სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0