დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - კვარაცხელიამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ნეაპოლელთა მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა გამართა და ინგლისურ „ლივერპულს“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 4:1 სძლია.
ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე გატარებული 57 წუთის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფეხბურთელმა ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და კიდევ ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი, რაც კვარაცხელიას გუშინდელ შეხვედრაში დააკლდა, გატანილი გოლი იყო.
იტალიელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და უკვე მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც პიოტრ ჟელინსკიმ ზუსტად შეასრულა (1:0). აღსანიშნავია, რომ ამ მომენტიდან მალევე ინგლისელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო. ნეაპოლელთა ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ალისონ ბეკერს პენალტის ნიშნულიდან ვერ გაუტანა, დამატებაზე კი ჯოვანი დი ლორენცოს მეორე გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშის გაზრდის ძალიან რეალური შანსი მიეცა 28-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენის გადაცემის შემდეგ, მაგრამ 21 წლის ქართველი ნახევარმცველის დარტყმის შემდეგ „ლივერპული“ ვან დაიკმა გადაარჩინა.
ქართველმა შეცდომა მალევე გამოასწორა და „ნაპოლის“ ანგარიშის გაზრდაში დაეხმარა. ქართველმა შემტევმა საკუთარ ფლანგზე ჯერ ჯო გომესი ჩამოიშორა და ბურთი ზამბო ანგისას გადააწოდა, რომელმაც პიოტრ ჟელენსკისთან „კედელი“ გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის ბოლოს კი „სტადიო მარადონაზე“ ქართველმა ფეხბურთელმა ნამდვილი შოუ მოაწყო. მან ულამაზესი დრიბლინგით ჯერ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, შემდეგ კი ჯო გომესს აუარა გვერდი და დაშავებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ ჯოვანი სიმონეს უზუსტესი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა (3:0).
აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმიც საკმაოდ აქტიურად დაიწყო და საწყის ოთხ წუთში გულშემატკივარმა ორი გატანილი გოლი იხილა. „ლივერპულის“ კარში დუბლი ჟელინსკიმ შეასრულა, ხოლო ინგლისელთა მხრიდან გატანილი გოლი ლუის დიასის ანგარიშზეა.
ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია 57-ე წუთზე შეცვალა. მეორე ტაიმის შუა ნაწილში ცვლილებები გამოიყენა იურგენ კლოპმაც, რომელმაც მოჰამედ სალაჰისა და ფირმინოს ნაცვლად მოედანზე დიოგუ ჟოტა და დარვინ ნუნიესი გამოიყვანა, თუმცა ამით მერსისაიდელებმა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ მატჩი 4:1 დასრულდა.
პირველი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის სათავეში „აიაქსი“ მოექცა, რომელმაც საკუთარ კედლებში „რეინჯერსს“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
მომდევნო ტურში, 13 სექტემბერს „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ ესტუმრება, „ლივერპული“ კი „აიაქსს“ უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0