უკვე მეხუთედ: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსოფლიოს საუკეთესო ბანკირად დასახელდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
Global Finance-ის წლიური ანგარიში აანალიზებს და აფასებს საფინანსო პოლიტიკის ლიდერების ეფექტურობას, რომლებიც იღებენ საუკეთესო გადაწყვეტილებებს.
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2022 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის უკვე მეხუთედ დაასახელა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Global Finance ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკის მმართველებს და აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, რომელშიც ავლენს საუკეთესო ბანკირებს. გვენეტაძემ ერთ-ერთი საუკეთესო ბანკირის წოდება პირველად 2018 წელს მიიღო.
2022 წელს Central Banker Report Cards-ში 96 ბანკირი შეაფასეს და მხოლოდ 21-მა მმართველმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება. კობა გვენეტაძესთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში შვედეთის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ისრაელის და სხვა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მოხვდნენ.

„ახლა, როდესაც მსოფლიო გლობალური რეცესიის შიშმა მოიცვა, ცენტრალური ბანკების ლიდერები ყურადღების ცენტრში ექცევიან, რადგან მათი ამოცანაა ამ სცენარისთვის თავის ასარიდებლად შესაბამისი პოლიტიკის გატარება", – განაცხადა ჟურნალ Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ.

მისი თქმით, Global Finance-ის ყოველწლიურ ანგარიშში მოცემულია საფინანსო პოლიტიკის იმ ლიდერთა საქმიანობის ანალიზი და შეფასება, რომლებიც საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებენ, ასევე იმ ლიდერების, რომლებიც „გაუმჯობესებას საჭიროებენ".
ჟურნალი ცენტრალური ბანკების მმართველების რეიტინგს 1994 წლიდან აქვეყნებს და მათი შეფასება A-დან F-მდე სკალით დგება, სადაც A ბრწყინვალე შედეგს, ხოლო F სრულ ჩავარდნას ნიშნავს.
Global Finance-ის ჯილდო საერთაშორისო საფინანსო საზოგადოებაში ფართოდ არის აღიარებული. რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით ყალიბდება, როგორებიცაა ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდის მიზნები, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთების მართვა.
დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს ვაშინგტონში გაიმართება.
1987 წელს დაარსებული Global Finance 160-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები.
ჟურნალის ვებ-გვერდზე ქვეყნდება 192 ქვეყნის შესახებ მონაცემები, ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რაც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 35-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში, ოფისები კი ლონდონსა და მილანში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0