ყველა ბელგიის საგულშემატკივროდ! - კალათბურთის მატჩზე დასწრება უფასოა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
ბელგიისა და ბულგარეთის მატჩი 18:15 საათზე დაიწყება, 21:00 საათზე კი მოედანზე საქართველოსა და მონტენეგროს ეროვნული გუნდები გავლენ.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. „ევრობასკეტი-2022“-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩზე ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება. გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მიიღო.
ახლა საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტის“ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა, ბულგარეთთან მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსებს მაინც ინარჩუნებს. იმისთვის, რომ ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილი გუნდი პლეი-ოფში გავიდეს, მონტენეგროსთან მატჩში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, პარალელურად კი ბელგიამ ბულგარეთის ნაკრებს უნდა სძლიოს.
იმ შემთხვევაში, თუ ბელგია დამარცხდება, საქართველოს ნაკრები კი მონტენეგროს აჯობებს, ოთხ ნაკრებს – საქართველოს, ბელგიას, ბულგარეთსა და მონტენეგროს ორ-ორი მოგება დაუგროვდება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად აღნიშნულ ოთხეულში გამარჯვებების რაოდენობა დაითვლება და ასეთი შედეგი დაფიქსირდება: მონტენეგრო – 2, ბულგარეთი – 2, საქართველო – 1, ბელგია – 1. ამ შედეგით კი ესპანეთთან და თურქეთთან ერთად პლეი-ოფში მონტენეგრო და ბულგარეთი გავლენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა საქართველოს ნაკრების ტრავმირებულმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ.

„დღეს ორი სათხოვარი მაქვს თქვენთან: ვისაც დრო გაქვთ, მიდით ბელგია–ბულგარეთის თამაშზე 18:15-დან და უგულშემატკივრეთ ბელგიას (დასწრება თავისუფალია), ასევე ყველამ ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი 21:00-ზე“, – მოუწოდებს ნაკრების კაპიტანი გულშემატკივრებს.

„ევრობასკეტის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მე-5 ტურის პირველ შეხვედრაში ესპანეთმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით 72:69 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. ბელგიისა და ბულგარეთის დაპირისპირება 18:15 საათზე დაიწყება, 21:00 საათიდან კი მოედანზე საქართველოსა და მონტენეგროს ეროვნული გუნდები გავლენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0