უკრაინის ხელისუფლება საქართველოს აშანტაჟებს - კობახიძე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს პლებისციტის ჩატარებას კითხვით „გსურთ თუ არა საქართველოში ფრონტის გახსნა?“
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს აშანტაჟებს და ცდილობს მის ჩათრევას ომში, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს სანქციების სიაზე საუბრისას.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ სანქციების 15-კაციან სიაში საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა შეიყვანა. მიზეზი, რომლის გამოც უკრაინის ხელისუფლება სანქციების დაწესებას ითხოვს – რუსეთის მხარდაჭერაა.

„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთი ხელით გვეუბნებიან, რომ ომში არ ვერთვებით და მეორე ხელით გვაშანტაჟებენ. დააკავშირეთ ეს ორი რამ და დაინახავთ, რომ შანტაჟის მიზანი მეორე ფრონტია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სანქციების სია იმდენად აბსურდულია, რომ მასში შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ.
„ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ არ ვიცი, ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არ გამორიცხა ქვეყანაში პლებისციტის ჩატარება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის თემაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე.
„ქართველ ხალხს არ სურს ომი. შეგვიძლია პლებისციტი ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთ, მეორე ფრონტი გაიხსნას თუ არა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა ასევე, რომ უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს დღეს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. სანქციების სიაში კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს.
მისი აზრით, დღეს უკრაინას ორი მთავარი პრობლემა აქვს – ომი და კორუფცია, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებული არიან „აბსურდით“.
პარტიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ საქართველოს ომში ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში. ამასობაში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0