მძღოლების საყურადღებოდ! უბისა-შორაპნის გზაზე შეზღუდვები წესდება

© Sputnik / Viktor Kaminskyგზის მშენებლობა
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი, მათგან ერთ-ერთი უბისა–შორაპნის 13 კმ-იანი მონაკვეთია.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 166-ე კილომეტრზე 8 სექტემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე უბისა–შორაპნის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟი იგეგმება. სამუშაოებს ჩინური კონტრაქტორი კომპანია Hunan Roads and Bridges Construction Group ახორციელებს.
ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით 8 სექტემბრის 24:00 სთ-დან 08:00 საათამდე პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება (ერთი სამოძრაო ზოლი ჩაიკეტება). დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ხვალ, დროის ანალოგიურ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კილომეტრზეც (ხევი–უბისას მონაკვეთი).
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა საუკუნის პროექტი და აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია.
რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის (11,6 კმ), ხევი–უბისას (12,2 კმ), უბისა–შორაპნის (13 კმ) და შორაპანი–არგვეთას (14,7 კმ) მონაკვეთებად. პროექტის საერთო ღირებულება 2,6 მლრდ ლარია.
რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება - მინისტრი>>>
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი თანამედროვე სტანდარტის ოთხზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი, მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0