„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი ახალი სპეცტექნიკით შეივსო

© Tbilisi City Hall სპეცტექნიკის პრეზენტაცია
სპეცტექნიკის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, სპეცტექნიკა დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა დანიშნულების ახალი სპეცტექნიკა შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტმა სპეციალური ტექნიკის 74 ერთეული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკის ჯამური ღირებულება 9,7 მლნ ევროზე მეტს შეადგენს.
მანქანების მოწოდება ეტაპობრივად ხორციელდება. ამ დროისათვის 59 ერთეული უკვე თბილისშია და დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება. დარჩენილი 15 ერთეული კი რამდენიმე დღეში ჩამოვა.
„თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს შეემატა შემდეგი სპეცტექნიკა:
12 ერთეული სატვირთო მანქანა, ამწე აღჭურვილობით;
40 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანა;
7 ერთეული ქუჩების დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანა;
15 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანა კონტეინერის ლიფტის გარეშე, გვერდითი დატვირთვის პრესით (შემოვა სექტემბრის შუა რიცხვებში).
„თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის გარდა, „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“ შეიძინა მილსადენებისა და სანიაღვრე არხების შიდა ზედაპირის შესამოწმებელი რობოტი შესაბამისი კომპლექტით. აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია მილსადენების, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“ ძალიან მნიშვნელოვანი სპეცტექნიკა შეიძინა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების დროს გამოიყენება. ამ ტექნიკის ანალოგი საქართველოში აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რობოტის გამართული მუშაობისათვის ასევე შეიძინეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალება (მიკროავტობუსი FIAT DUCATO), რომელიც გადაკეთდა მოძრავ ლაბორატორიად.
აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 545 ათასი ლარია.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0