გინება და ჩხუბი - ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

© photo: Sputnik / Stringerდაპირისპირება
დაპირისპირება - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
სხდომაზე დაპირისპირება კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმის განხილვას მოჰყვა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთის საკრებულოს სხდომა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
სხდომაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები გომისმთაზე მიწებს ისაკუთრებენ და კურორტის განვითარებას ხელს უშლიან.
ოპოზიციონერის განცხადებას მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„მათ (ხელისუფლებამ) კურორტი ფაქტობრივად გაწირეს. ამის ნათელი მაგალითია მინისტრ წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება. ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, როდესაც წულუკიანი იმყოფებოდა გომისმთაზე, გამოიცა ბრძანება, რომლითაც პრაქტიკულად დაკანონდა უკანონობა – ადამიანებს ხმების სანაცვლოდ მიწების მითვისების საშუალება მისცეს“, – განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმით, ამით ბოროტად ისარგებლეს „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა.
„მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დეკლარაციაში პირდაპირ უწერია, რომ მიწა მიითვისა და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მეორე განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს“, – განაცხადა მჟავანაძემ.
ოპოზიციონერის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მომხრეებმა მიწები დაირეგისტრირეს, იმ პირებს კი, „ვინც მათ არ მოსწონთ“, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს.
„ეს არის დანაშაული, რომლის წახალისებაც არ შეიძლება“, – განაცხადა დეპუტატმა.
თავის მხრივ, ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა, რომ თუ დარღვევები გამოვლინდება, მაშინ საგამოძიებო ორგანოები კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ.

„ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ყოველთვის ცდილობს არეულობა შეიტანოს საკრებულოს სხდომაზე და ხელი შეუშალოს სხდომის ნორმალურ მსვლელობას. მათი განცხადებები და აქტივობები ტყუილზეა აგებული, დღეს ჩვენ ამის მოწმე გავხდით“, – განაცხადა ღურჯუმელიძემ.

რაც შეეხება გომისმთას, მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით გამოაცხადა ტენდერი და შეიძინა გომისმთის განვითარების გეგმა, რომლის კონცეფციის პირველი ეტაპი დასამტკიცებლად წარმოდგენილი იყო საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.
სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრებმა მაინც დაამტკიცეს გომისმთის სივრცითი დაგეგმარების კონცეფცია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0