იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
„ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
საქართველოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტმა სკანდალი გამოიწვია. სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა.
კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
სახელმწიფო მეთაურის მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინ გადადგმულ ნაბიჯად და იგი აფერხებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას.

„ჩვენ წარვადგინეთ ყველა ჩვენი არგუმენტი. წარვადგინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მყარი არგუმენტია. მაგრამ კომიტეტმა ამას არანაირი ყურადღება არ მიაქცია, არ ჩათვალა არგუმენტად, პრეზიდენტის ვეტო სამართლიანად არ მიიჩნია და და მხარი დაუჭირა კანონის იმ ფორმით მიღებას, როგორადაც იგი ახლაა წარმოდგენილი“, – განაცხადა მსხილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა და კომიტეტის აპარატმა სხდომაზე განმარტეს, რომ ცვლილებები სრულ თანხვედრაშია ევროსასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან და პრეცედენტულ საქმეებთან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ვეტო ეკუთვნის არა პრეზიდენტს, არამედ რადიკალურ ოპოზიციას.
„მათ ვერ შეძლეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტის წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ვეტოს უფლების გამოყენება. მათ არ ითანამშრომლეს არცერთ სახელმწიფო უწყებასთან. მათ არ გამოითხოვეს რაიმე ინფორმაცია ან სტატისტიკური მონაცემები. ელემენტარულად არ მოითხოვეს და არ მოისმინეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მოსაზრება, მაშინ, როცა მათ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0