მოსაზრება: ამერიკელებს მეორე უკრაინული ფრონტის გახსნა სურთ

© photo: Sputnik / Mikhail Klimentyev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
უკრაინელების ჩავარდნილი კონტრშეტევის, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უზარმაზარი დანაკარგის ფონზე ვაშინგტონს სასწრაფოდ დასჭირდა რაიმეს მოფიქრება.
რუსეთი, როგორც ცნობილია, დიდია. დონეცკსა და კურილის კუნძულებს 7,5 ათასი კილომეტრი და ცხრა საათობრივი სარტყელი აშორებს. აშშ-ის სამხედრო ანალიტიკოსები მთელი სერიოზულობით შეუდგნენ იმის განხილვას, ხომ არ იქნებოდა ხელსაყრელი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მეორე უკრაინული ფრონტის გახსნა.

„დასავლეთი სათანადოდ არ აფასებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო სიძლიერეს“, – სინანულით აღნიშნავს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის ყოფილი თანაშემწე, გადამდგარი ოფიცერი სეტ კროპსი. რუსეთი ხომ გამუდმებით ავითარებს ფლოტს, აძლიერებს ბაზებს, მათ შორის, ოხოტის ზღვაში. „მას შეუძლია გავლენა იქონიოს აშშ-ის კოალიციაზე ინდოეთი–წყნარი ოკეანის რეგიონში“, – ღელავს კროპსი.

კროპსი წუხს, რომ უკრაინული კონფლიქტის მსვლელობისას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა „გაცილებით ნაკლები საბრძოლო დანაკარგი განიცადა, ვიდრე უხეში ძალის ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი“, და სიტუაციის გამოსწორების გზად რუსეთთან წყნარ ოკეანეში დაპირისპირებაზე გადაწყობას ასახელებს.
რუსეთის ფლოტისთვის შორეულ აღმოსავლეთში საფრთხის შექმნამ უნდა გააღრმაოს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის სირთულეები. მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა უკრაინა, არამედ ის, რომ რუსეთის სპეცოპერაციამ ვაშინგტონს ჩაუშალა ჩინეთის წინააღმდეგ მასშტაბური პროვოკაციის მოწყობის გეგმა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამერიკული პოლიტელიტა ღიად იხილავდა რუსეთისა და ჩინეთის შეკავების გეგმებს.
მაშინ მოიფიქრეს სამოქმედო გეგმაც – ორი ნაბიჯი ამერიკული ჰეგემონობის გადასარჩენად. ჯერ ამერიკელები აჩაღებენ კონფლიქტს რუსეთთან თავიანთი პროქსიუკრაინელების ხელით. რუსეთი სწრაფად მარცხდება და ინანიებს. მეორე სვლა არის თავიანთი პროქსიტაივანელების დაგეშვა ჩინეთზე. პეკინიც აგებს და ინანიებს. ვაშინგტონი კი ზეიმობს.
მაგრამ გეგმები ჩაიშალა. ზაფხულისთვის ამერიკელები მიხვდნენ, რომ გეგმამ არ იმუშავა. რუსეთის დამარცხება ვერ ხერხდება. ამ ვითარებაში კი ახალი სამხედრო დაპირისპირების წამოწყება ჩინეთთან სიგიჟეს ჰგავს.
„სკეპტიკოსები ცდებიან: აშშ-ს შეუძლია ჩინეთთან და რუსეთთან ერთდროულად დაპირისპირება, – წერს The Washington Post. – მიუხედავად უცხოურ ინტერვენციებთან დაკავშირებით ამერიკელების ღრმა სკეფსისისა, აშშ ერთდროულად თანამედროვეობის ორ უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოს გაუმკლავდება“.
გასაგები იქნებოდა, ამ სახელმწიფოებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება რომ არსებობდეს. მაგრამ რუსეთსა და ჩინეთს მთელი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო ურთიერთობა აქვთ – არა მხოლოდ სავაჭრო და პოლიტიკური, არამედ რეგულარული ერთობლივი წვრთნები, მათ შორის, პოტენციურად ცხელ წერტილებში, მაგალითად, იაპონიის ზღვაში.
„ორივე ჯარის მასირებული მოდერნიზაცია თანდათანობით ამცირებს აშშ-ის უპირატესობას“, – წუხან ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ „მართალია, ფორმალური კავშირი მათ შორის ნაკლებ მოსალოდნელია, პეკინსა და მოსკოვს აერთიანებს საერთო ინტერესები უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში, ასევე სიძულვილი საერთაშორისო წესრიგის მიმართ, რომელიც ეფუძნება წესებს, აშშ-ის თაოსნობით“.
სამხედრო თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს ვაშინგტონის გლობალური ავანტიურა – ამერიკული ჯარისა და ფლოტის გადაჭიმვა ფილადელფიიდან ბოსფორამდე და შავი ზღვიდან ტაივანამდე.
თუმცა ამერიკელ „ქორებს“ სავსებით შეუძლიათ ამ ინფორმაციული არტმომზადებისგან შეთითხნონ მორიგი პროვოკაცია შორეულ აღმოსავლეთში. ყირიმის ომის დროს ბრიტანული და ფრანგული გემები აქტიურად ცდილობდნენ პეტროპავლოვსკში შესვლას. სწორედ მაშინ მიიტაცეს ინგლისელებმა კურილის კუნძულებიდან ერთ-ერთი და ინარჩუნებდნენ რამდენიმე თვე.
რას უნდა ელოდოს რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში? ჯერ ერთი, საინფორმაციო ომს. ანგლოსაქსონური მასმედია გაავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი შეიჭრა სადღაც წყნარ ოკეანეში, რაღაცას ემუქრება და ცუდად იქცევა. ამის თანმხლები იქნება რუსეთისა და ჩინეთის ფლოტების სამხედრო წვრთნები.
მეორე, ამერიკელები შეეცდებიან ტაივანის ყურეში შესვლას, ჩინელების პროვოცირებას და ტაივანელების გააქტიურებას. სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ ახლახან მოიწონა ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება. გარიგების თანხა მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამას ემატება რადიოლოკაციური სადგურები, პარტიზანები. ყველაფერი მზადაა ახალი ცხელი წერტილის გასაღვივებლად.
და, ბოლოს, ამერიკელებმა შეიძლება გამართონ მასშტაბური წვრთნები რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. სეტ კროპსის გეგმით, დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა წვრთნების ჩატარება ოხოტის ზღვაში, რუსული წყალქვეშა ნავების მახლობლად, რომლებიც ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი.

„ვაშინგტონს შეუძლია აამოქმედოს ამ წვრთნებში თავისი ერთ-ერთი საექსპედიციო დამრტყმელი ჯგუფი, მოახდინოს სახალინსა და კურილის კუნძულებზე რუსულ პოზიციებზე სადესანტო შეტევის იმიტაცია, – განაგრძობს კროპსი. – ეს რუსეთს აიძულებს გადაისროლოს სამხედრო ძალები შორეულ აღმოსავლეთში და შეამცირებს მის საბრძოლო ძალას უკრაინაში“.

მოკლედ, ამერიკელ სამხედროებს სასწრაფოდ სჭირდებათ მეორე უკრაინული ფრონტის გახსნა, სასურველია, ტაივანთან ახლოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0