პრემიერმა საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უპრეცედენტო უწოდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ზრდა უპრეცედენტოდ მაღალია ევროპასა და მთელ მსოფლიოში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო არსებული გამოწვევების ფონზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ახალი სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2022 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,3% შეადგინა.

„ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში. თქვენ კარგად მოგეხსნებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია უკვე მთელ მსოფლიოზე და ამ ფონზე ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა მოიშველია მონაცემები, რომლებმაც დადებითი გავლენა იქონია ეკონომიკის ზრდის საერთო სურათზე. ერთ-ერთ მათგანია ექსპორტი, რომელიც დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, ასევე ფულადი გზავნილები, რომლებმაც ივლისში 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 46,8%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სტატისტიკის თანახმად, ივლისში ყველაზე მეტი თანხა - 100,6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსეთიდან, დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 39,8%-ია.

„რაც შეეხება ბიზნეს-სექტორს, ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ბიზნეს-სექტორში ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე გაზრდილია დასაქმებული ადამიანების რაოდენობა როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორე კვარტალში და, ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარი–ივნისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 18,1% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, საწარმოების ბრუნვის და ფულადი გადარიცხვების ზრდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0