Credit Suisse-მა შესაძლოა სამუშაო ადგილები შეამციროს

© courtesy of Credit Suisseშვეიცარიის ბანკი CREDIT SUISSE
შვეიცარიის ბანკი CREDIT SUISSE - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2022
გამოწერა
კომპანია საშუალოვადიან პერსპექტივაში ხარჯების 15,5 მლრდ შვეიცარიულ ფრანკამდე შემცირებას გეგმავს
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ხარჯების შემცირების მიზნით 5000 სამუშაო ადგილის შეკვეცას განიხილავს, იტყობინება მედია.
სამუშაო ადგილების პოტენციური შემცირების მასშტაბები ხაზს უსვამს გამოწვევებს Credit Suisse-ისა და მისი ახალი აღმასრულებელი დირექტორის წინაშე, როდესაც ის ცდილობს კომპანიის სტაბილურობის აღდგენას სკანდალების სერიის შემდეგ, ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე თავად ბანკში არ საუბრობენ. ორგანიზაციამ 2022 წელს „გარდამავალი" უწოდა და უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა გაიყიდოს ან გაკოტრდეს.
„კომპანია საშუალოვადიან პერსპექტივაში ხარჯების 15,5 მლრდ შვეიცარიულ ფრანკამდე შემცირებას გეგმავს, თუმცა იმაზე, რომ სამუშაო ადგილების შემცირება იგეგმება, არ საუბრობენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ულრიხ კერნერს დაევალა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ხარჯების შემცირება, რათა დაეხმაროს ბანკს დადგეს ფეხზე მთელი რიგი წარუმატებლობებისა და სკანდალების შემდეგ. კერნერმა შეცვალა ტომას გოტშტაინი ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აგვისტოში ორი მშფოთვარე წლის შემდეგ, რომელიც აღინიშნა დიდი დანაკარგებით, შვეიცარიული ბანკის იშვიათი ვერდიქტით და მისი აქციების ფასის 40%-იანი ვარდნით.
Credit Suisse-ის რეპუტაცია დაზარალდა სკანდალის შემდეგ, რომელშიც ბანკის ყოფილი მენეჯერი პატრის ლესკოდრონი გაეხვა. ის მართავდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების პირად ქონებას, მათ შორის იყო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

საქმე Credit Suisse Life-ის წინააღმდეგ

რუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაზარალებული მეანაბრეებისთვის, მათ შორის, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის გადახდა დაავალდებულა.
მანამდე ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა.
უმაღლესმა სასამართლომ Credit Suisse Life-ს 607,35 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის 42 დღის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა. ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.
Credit Suisse Life-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ სადაზღვევო თანხები არ უნდა გადაიხადონ მანამ, სანამ არ მოიწურება საჩივრების ყველა შესაძლებლობა.

ივანიშვილი VS ტრასტები

მაისის დასაწყისში ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც დააფუძნა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse.
აღნიშნული ფინანსური აქტივები თავიდან Credit Suisse-ში იყო განთავსებული, თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ კი ივანიშვილმა მათი სხვა ბანკში გადატანა გადაწყვიტა. თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, აღნიშნული ფინანსური აქტივები კვლავ Green Vals Trust-ის მართვის ქვეშ დარჩა.
ეს თანხა სადავო არ არის არც ბერმუდებზე, არც სინგაპურში, არც შვეიცარიაში, შესაბამისად, როგორც ივანიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, ივანიშვილს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. მაგრამ, მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, Green Vals Trust-მა თანხებზე წვდომა ივანიშვილს მთლიანად შეუზღუდა.
რაც შეეხება სატრასტო კომპანია Mandalay Trust-ს, იგი ივანიშვილის აქტივებს უშუალოდ ბანკ Credit Suisse-ში მართავს.
როდესაც ბერმუდებზე სასამართლო დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა დაადასტურა, რომ ივანიშვილს შეუძლია თანხების განკარგვა, მაგრამ მიუხედავად საქართველოს ექს-პრემიერის არაერთი მოთხოვნისა, Mandalay Trust თავს იკავებს თანხების გადარიცხვაზე.
ივანიშვილმა Mandalay Trust-ის წინააღმდეგ სარჩელი სინგაპურის სასამართლოში შეიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0