ზუროსი: არ ვართ იღბლიანები, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთ

© photo: Sputnik / Stringerევრობასკეტი 2022: საქართველო-ბელგია
ევრობასკეტი 2022: საქართველო-ბელგია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტი 2022“ ბელგიასთან მარცხით დაიწყო, ილიას ზუროსის გუნდი A ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ბელგიასთან ანგარიშით 76:79 დამარცხდა.
შეხვედრის ძირითად ნაწილში უპირატესობას ბელგიელები ფლობდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა წინ გასვლა მოახერხა. საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებული ოვერტაიმმა გამოავლინა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდების თამაში შეაფასა.
როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, წინ კიდევ ოთხი მატჩია და საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს.
„მომდევნო ორ შეხვედრას ვატარებთ ნაკრებებთან, რომლებსაც მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ბოლო ორ მატჩში ვთამაშობთ მეტოქეებთან, რომლებთანაც უნდა მოვიგოთ, თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა“, – განაცხადა ზუროსმა.
ზუროსმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გოგა ბითაძის ტრავმაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება და ბითაძე ნაკრებს მალე შეუერთდება.
„სამწუხაროდ, გოგას შესახებ ახლა არაფერი ვიცით. იმედი გვაქვს, რომ კარგად იქნება. არ ვართ იღბლიანები, ამ ბოლო პერიოდში ბევრს ვშრომობდით, მაგრამ სრული გუნდით ვერ ვთამაშობთ. ხანდახან გჭირდება იღბალი და დახმარება“, – აღნიშნა ილიას ზუროსმა.
აღსანიშნავია, რომ „ევრობასკეტის“ დაწყებამდე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო. კალათბურთელმა მხარი მოიტეხა, რის გამოც საქართველოს ნაკრების ლიდერი გუნდს „ევრობასკეტი-2022“-ზე ვერ ეხმარება.
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0